ჯარში გაწვევაზე შეღავათები ყველა რელიგიური კონფესიისთვის თანაბარი უნდა იყოს – ადამ შანთაძე

სრულიად საქართველოს მუსლიმთა მუფტის მოადგილე ადამ შანთაძე აცხადებს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ კანონი და დაწესებული შეღავათები, ქვეყანაში მოქმედი ყველა რელიგიური კონფესიის მიმართ თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს.   

ადამ შანთაძემ “მედიაცენტრ მთავარში” იმ კანონპროექტზე ისაუბრა, რომელიც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ მომზადდა. ამ საკითხზე ქვეყანაში მოქმედი რელიგიური კონფეციების წარმომადგენლები გუშინ, პარლამენტში, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს შეხვდნენ.

ადამ შანთაძის ინფორმაციით, სესიაშვილმა მოისმინა მათი მოსაზრებები და საკითხის ირგვლივ თანამშრომლობისა და კონსულტაციების მზაობა გამოთქვა. მორიგი შეხვედრა ​ერთ კვირაში გაიმართება.

“მიგვაჩნია, რომ ჯარში გაწვევის შესახებ კანონი ყველა რელიგიური გაერთიანების მიმართ თანაბარი უნდა იყოს. სამხედრო სამსახური სავალდებულო იქნება თუ ნებაყოფლობითი, ორივეს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს. ჩვენთვის არც ის არის პრობლემა, თუ ეს სავალდებულო იქნება, ამაზე უარს არავინ ამბობს, მაგრამ, მთავარია, კანონი ყველა რელიგიის წარმომადგენელზე თანაბრად ვრცელდებოდეს. პრივილეგიები და შეღავათებიც ყველა კომფესიისთვის თანაბარი იყოს, რომ დისკრიმინაციულო მიდგომა გამოვრიცხოთ. ჩვენი მხრიდან, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებისთვის, სამხედრო კომისარიატში წარსადგენი ცნობა მხოლოდ პირებზე, გაიცემა, რომლებიც სასულიერო საქმიანობაში არიან ჩართულები. ეს ხდება იმისთვის, რომ მათ ხელი არ შეეშალოთ თავიანთ საქმიანობაში. მაგალითად, ჩვენი მეჩეთის იმამი 27 წლამდეა. მას კანონი ჯარში წასვლას ავალდებულებდა, თუმცა, ამ შემთხვევაში, გადავადების შეღავათით სარგებლობს და აგრძელებს სასულიერო საქმიანობას”, – აცხადებს ადამ შანთაძე.

მისივე თქმით, საქართველოში მოქმედი მათი რელიგიური კონფესიიდან ამჟამად, სულ 4-5 ადამიანია,  რომლებსაც უწევდათ ჯარში გაწვევა და მათზე გაიცა შესაბამისი ცნობა. გარდა ამისა, არიან ისეთი პირები, ვინც სასულიერო – პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, მათ ეძლევათ შესაძლებლობა განაგრძონ თავიანთი საქმიანობა. 

მსგავსი თემები