სამშენებლო მტვრით ჰაერის დაბინძურებაზე სანქციები გამკაცრდება

თბილისის მერიამ საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით, მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ჰაერის დაბინძურების მიმართულებით, სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი, ამტვერებადი მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების ჰაერში მოხვედრის თავიდან აცილებაა.

საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს სანქციების დაწესებას: მშენებლობის პროცესში ამტვერებისგან დამცავი ბადეების განუთავსებლობის, ასეთი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავების, მისი გადაუხურავი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვის შემთხვევაში. ასევე, ამტვერებადი მასალის გადაუხურავ სივრცეში განთავსებისა და რეალიზაციისთვის.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ჰაერის მტვრით დაბინძურება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რომლის გამოსასწორებლად, შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, მხარდასაჭერად პარლამენტს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.

„ძალიან ბევრს ვსაუბროთ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მის გამოსასწორებლად. ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა ჰაერის მტვრით დაბინძურება, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზს თბილისში მიმდინარე მასშტაბური მშენებლობების, სამშენებლო მოედნების, ამტვერებადი მასალების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვის, განთავსების, დამუშავებისა და რეალიზაციისთვის სპეციფიკური რეგულაციების არარსებობა წარმოადგენს. ეს დღეს სერიოზული პრობლემაა. შესაბამის ჯგუფს დავალებული ჰქონდა, კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებები განეხორციელებინა. საკანონმდებლო პაკეტი უკვე მომზადებულია, რომელსაც უახლოეს მომავალში,პარლამენტს გადავცემთ და დარწმუნებული ვარ, რომ მათი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა იქნება, რომ ეს ცვლილებები განვახორციელოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერი იმედოვნებს, რომ პარლამენტში ამ კანონპროექტს მხარდაჭერა ექნება.

მისივე თქმით, ქალაქში მხოლოდ ეს არ არის პრობლემა, ასევე, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვი, მოძველებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

“2019 წლის ბოლოსთვის ავტობუსების სრულიად ახალი პარკი გვექნება. ასევე, ვსაუბრობთ მეტროს განახლებასა და მოწესრიგებაზე, სადგურების სრულ რეაბილიტაციაზე და მიწისზედა მეტროს პროექტზე. რა თქმა უნდა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც, რომელიც მთლიანობაში, შედეგს მოგვცემს. იგეგმება საქალაქო პარკების მშენებლობა-რეაბილიტაცია და მათი მოვლა-პატრონობაც“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია პასუხისმგებლობას მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობაზეც აიღებს, რაშიც მოქალაქეთა ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება.

 

მსგავსი თემები