სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა შემთხვევები გაზრდილია – სტატისტიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკა გამოაქვეყნა.

2019 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით, სამუშაოს შესრულებისას 71 ადამიანი დაშავდა და 25 გარდაიცვალა. 2018 წელს სამუშაოს შესრულების დროს, საწარმოებში დაიღუპა 59 ადამიანი, ხოლო დაშავდა 199. EMC- მონიტორინგით გამოიკვეთა, რომ ამ საქმეებზე გამოძიება არ არის ეფექტური. გამოძიების დაწყების მიუხედავად, საკმაოდ დაბალია სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და საქმის სასამართლოში წარმართვის მაჩვენებელი.

მონიტორინგმა აჩვენა, რომ მხოლოდ 2018 წელს გამოძიება 224 შემთხვევაზე დაიწყო, საიდანაც სასამართლო პროცესი მხოლოდ 35 საქმეზე წარიმართა. რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას – თავისუფლების აღკვეთას, მათგან მხოლოდ 2 შემთხვევაზე განისაზღვრა.

როგორც ადამიანის უფლებათა სწავლებისა და დაცვის ცენტრში ამბობენ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, უმეტეს შემთხვევაში, არასრულყოფილია, რის გამოც რეალური დამნაშავე ყოველთვის დაუსჯელი რჩება. ექსპერტები ახლადამოქმედებული რეგულაციების შეცვლას მოითხოვენ, რადგან მიიჩნევენ, რომ სისტემა ვერ მუშაობს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი არ იციან, გამოძიება უმეტეს შემთხვევაში ჩიხში რატომ შედის და რატომ ვერ ავლენენ დამნაშავე პირებს.

“ამ მომენტში მოკლებული ვართ შესაძლებლობას საზოგადოებას სრული სურათი გავაცნოთ, თუმცა, როგორც კი დავასრულებთ აღნიშნული მიმართულებით მუშაობას, საზოგადოებას იმ გამოწვევას და პრობლემებს, რომელიც არსებობს, აუცილებლად გავაცნობთ”, – აცხადებს შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსი გოგა რაზმაძე.

შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონი სრულად სექტემბრიდან ამოქმედდა. ინსპექტორებს ახლა უკვე ნებისმიერ ობიექტზე 24 საათის განმავლობაში გაუფრთხილებლად შესვლა შეუძლიათ. პროფკავშირებში ამბობენ, რომ არსებული რეგულაციების მიუხედავად, სახელმწიფო ეფექტური კონტროლსა და აღსრულებას ვერ ახერხებს. ახალი რეგულაციები წლობით დაგროვებულ პრობლემას რომ ვერ აგვარებს, ამაზე მესამე სექტორიც თანხმდება.

მსგავსი თემები