“მოსახლეობა სწორედ ასეთ პირობებში იძენს პროდუქტს” – სამტრედიის მერი გარევაჭრობაზე​ 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ, თავის მოადგილე დავით ბახტაძესა და  პოლიციის თანამშრომლებთან ერთად დღეს, ჭანტურიას ქუჩაზე არსებული გარევაჭრობა და ადგილზე შექმნილი ანტისანიტარული ვითარება დაათვალიერა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ყველის დახლებთან დახვდა.

მერმა მოვაჭრეებს არაჰიგიენურ პირობების მოსაგვარებლად 10-დღიანი ვადა მისცა, კერძოდ, გარკვეული სტანდარტის სავაჭრო დახლების დადგმა და ქვეითებისთვის განკუთვნილი ტროტუარის გათავისუფლება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან და მათ მიმართ დამატებითი სანქციების გატარდება.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ადგილობრივმა მოსახლეობამ განუცხადა, ​ჭანტურიას ქუჩა, საავტომობილო მოძრაობის მხრივ ერთ-ერთი გადატვირთული ქუჩაა ქალაქში. ქვეითებისთვის განკუთვნილი ტროტუარი მუდმივად გარემოვაჭრეებს უკავიათ, შესაბამისად, მოქალაქეები ტროტუარზე უსაფრთხოდ ვერ გადაადგილდებიან.

​სამტრედიის მერმა ჭანტურიას ქუჩის გარემოვაჭრეებს ბაზარში, შეღავათიან ფასად შესვლა, ან თბილისის ქუჩაზე არსებულ ბაზარში წლის ბოლომდე უფასოდ გადასვლა შესთავაზა. მერის შეთავაზებას მოვაჭრეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

ვალერიანე ფოცხვერიას შეფასებით, ერთი მხრივ პრობლემაა ის, რომ გარემოვაჭრეები არაჰიგიენურ გარემოში ყიდიან საკვებ პროდუქტს, მაგრამ მეორე მხრივ, მოსახლეობა სწორედ ასეთ პირობებში იძენს  პროდუქტს.​

„ჩვენ არ ვართ მოძალადეები, მაგრამ გვინდა კანონის ფარგლებში ჩავსვათ არსებული პრობლემა. მოსახლეობის სამართლიანი მოთხოვნა და ჩვენი სურვილიც არის გარევაჭრობის მოწესრიგება. ამ ტერიტორიაზე აღარ არსებობს სავალი ნაწილი. ვთხოვ გარე მოვაჭრეებს მოაწესრიგონ ტერიტორია კანონით გათვალისწინებული მოთხოვებით. სამტრედია უნდა იყოს სანიმუშო ქალაქი“, – განაცხადა ვალერიანე ფოცხვერიამ.

 

მსგავსი თემები