სალომე ზურაბიშვილს საოკუპაციო ხაზთან პროვოკაცია მოუწყეს – გია ვოლსკი  

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში დღეს, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ჩასვლას და იქ მომხდარს უსიამოვნო ინციდენტს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი გია ვოლსკი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ განხორციელებულ შემაძრწუნებელ პროვოკაციას უწოდებს.

გია ვოლსკის შეფასებით, ასეთი პროვოკაციით ცდილობს “ნაციონალური მოძრაობა” გადაფაროს ის, რომ პრეზიდენტობის მათი კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე უარყოფდა რუსულ აგრესიას და ამბობდა, რომ რუსეთი გაკვირვებულია დე ფაქტო ხელისუფლების ქმედებებით.

“დღეს, ჩემს კოლეგა კობა კობალაძესთან და სხვა ვეტერან მეომრებთან ერთად, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სოფელ ატოცში ვახლდი, სადაც საოკუპაციო ძალები კიდევ ერთ მონაკვეთზე ავლებენ გამყოფ ხაზს. ეს იმ დანაშაულებრივი შეცდომებისა და მოღალატეობრივი ქმედებების კიდევ ერთი გამოძახილია, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინა.

მეტიც, სწორედ მათ გაწირეს სასიკვდილოდ მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც არ გამოიყვანეს საბრძოლო მოქმედებების ზონიდან. სამარცხვინო და უზნეო რეჟიმი, უტიფრად უარყოფდა რუსულ აგრესიას და პირადად გრიგოლ ვაშაძე გვიმტკიცებდა, რომ რუსეთი გაკვირვებულია დე ფაქტო ხელისუფლების ქმედებებით.

ეს არის შემაძრწუნებელი რეალობა და მოცემულობა, რომლის გადასაფარად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მორიგ ბინძურ პროვოკაციას მიმართა – სააკაშვილის ყოფილმა თანამშრომელმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა ქალბატონ სალომეს”, – აცხადებს ვოლსკი.

მისივე თქმით, როცა საქმე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ეხება, „ქართული ოცნება“ არასდროს გამოსულა ვიწროპარტიული ინტერესებიდან. მსგავსი რამ “ნაციონალური მოძრაობას“ ახასიათებს და იმედოვნებს, რომ საზოგადოება სწორად შეაფასებს შექმნილ ვითარებას და წინასაარჩევნო პერიოდში შესაბამის დასკვნებს გააკეთებს.

აღსანიშნავია, რომ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ლანა ღვინჯილიამ, სალომე ზურაბიშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მის მიერ გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა. ღვინჯილია პრეზიდენტობის კანდიდატს ვიდეოში ეუბნება, რომ მას აქ ყოფნის უფლება არ აქვს, რადგან საქართველოს აგვისტოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს.

ლანა ღვინჯილია ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის განვითარების და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელია.

მსგავსი თემები