სალომე ზურაბიშვილის შვილებს ფიზიკური მოსპობით ემუქრებიან

პრეზიდენტობის ​დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისი და მისი შვილების მისამართით მუქარის შემცველი შეტყობინებები იგზავნება და შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შესაბამის უწყებებს მიმართავს თხოვნით, დაიცვან მისი და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოება.

როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მის შვილებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. ბოლო დღეებში, კერძოდ 09,10 და 11 ნოემბრიდან მოყოლებული მისი შვილები – თეიმურაზი და ქეთევანი, ასევე, თავად პრეზიდენტობის კანდიდატი მუქარის შემცველ სმს შეტყობინებებს იღებენ.

“გამოკვეთილად სხვადასხვა უხამს სიტყვებთან ერთად სამივეს მიმართულებით გაჟღერდა – „შუბლს გაგიხვრეტ!“ „თქვენს სისხლს დავლევ!“. მუქარა რეალურია, რამეთუ ავტორები, თავიანთივე სტატუსებიდან გამომდინარე იდენტიფიცირებული პირები არიან, ყოფილი სამხედროები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან “ნაციონალურ მოძრაობასთან” და მის მეთაურებთან”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

​მისივე შეფასებით, ძალიან შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის, როცა ასეთი ადამიანები, ვინც ემუქრებიან ქალს და მის შვილებს, მანიპულირებენ სამხედრო ძალის სახელით. “იმ ძალის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში და ჩემთვის პირადად ქართული ვაჟკაცობის, ღირსების და თავდადების სიმბოლოა. სოციალურ ქსელებში თანხვედრილი იდენტური ტექსტები მიუთითებენ იმასაც, რომ სხვადასხვა პირებისგან წარმოთქმული მუქარები რეალურად ერთ კოლექტიურ გეგმაში იწერება. ამ ქმედებებით კიდევ ერთი საფეხური გადაიდგა ქვეყანაში დაძაბულობის, შუღლის, სიძულვილის გარემოს დაფუძნებისთვის, რაშიც მონაწილეობდნენ და მონაწილეობენ ყოველდღიურად ერთი პოლიტიკური მოძრაობის შიდა თუ გარე ლიდერები, ტელეწამყვანები და ზოგი მათი მხარდამჭერები”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

​მისივე თქმით, წინა საარჩევნო პერიოდში, ქვეყნის სტაბილურობა მეტად მნიშვნელოვანია და ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატზე და მის ოჯახზე სიცოცხლის მოსპობის მუქარის გავრცელება სერიოზულად უნდა იყოს აღქმული.

“მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის უწყებებს, დაუყონებლივ მოახდინონ რეაგირება მოცემულ ფაქტებზე, რათა დროულად იქნას აღკვეთილი ყველა მცდელობა, რომელიც მიმართულია დესტაბილიზაციისა და არეულობისკენ. მივმართავ ასევე საზოგადოებას და კერძოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ვალდებულებაა სახელმწიფო უწყებებთან ერთად დაიცვან, წინასაარჩევნო სიმშვიდე და წონასწორობა”, – აცხადებს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი.

როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, 11 ოქტომბერს მის მიერ გაკეთებული პირველი მიმართვა  რეაგირების გარეშე დარჩა იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც უნდა იცავდნენ ადამიანის უფლებებს, გმობდნენ სიძულვილის ენას, გენდერულ დისკრიმინაციას და იცავდნენ პოლიტიკურ კორექტულობას. “ამდენად შესაძლო მოვლენების განვითარებაზე, ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ თუ ქვეყანაში დესტაბილიზაციის კუთხით, პასუხისმგებლობას ამ საქციელის ავტორებთან ერთად გაინაწილებენ, თუ სათანადო და მყისიერი რეაგირება არ მოყვა მათი მხრიდან”, – აცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატი.

მსგავსი თემები