საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის საელჩო სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას “ქართული ოცნების” დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი. ამის შესახებ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ამერიკის საელჩომ დადებითად შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ მიერ განცხადებული განზრახვა 2020 წელს სრულ პროპორციულ საპარლამენტო საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული წინსვლისა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ნდობის გაძლიერებისთვის.

“ჩვენ გული გვწყდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა, დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს ქართული ოცნების დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მათ შორის მთავრობას, ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მშვიდი და ღირსეული თანამშრომლობისკენ, რათა ჩვენს საერთო ვალდებულებებთან თანხვედრაში გაგრძელდეს წინსვლა საქართველოს დემოკრატიული განვითარების განსამტკიცებლად.

ჩვენ, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის მიღების მნიშვნელობას, რაც ითვალისწინებს საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციებს 2017-18 წლების არჩევნებში გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად, იმისთვის, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე შეიქმნას უფრო თანაბარი გარემო საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის ხელშესაწყობად”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები