საკეისრო კვეთის მოთხოვნა ძირითადად ფულიანებისგან მოდის – საკონსტიტუციო სარჩელი ფეხმძიმეებისთვის

თუ ორსული, საკეისრო მშობიარობას პირადი ახირებით, შიშით, ტკივილის შეგრძნების თავიდან ასაცილებლად ან სხვა მოტივაციით თავად მოითხოვს, ოპერაციის თანხასაც თავად გადაიხდის და სახელმწიფო არ დააფინანსებს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საკონსტიტუციო სასამართლო „ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის“ სარჩელს დააკმაყოფილებს.

როგორც ასოციაციის თავმჯდომარე სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, საკონსტიტუციო სარჩელის მომზადება იმ მავნე პრაქტიკამ და მდგომარეობამ განაპირობა, რაც საქართველოში, საკეისრო კვეთებთან დაკავშირებით არსებობს. საუბარია, საკეისრო კვეთის ოპერაციებზე, რომელიც ორსულს არ სჭირდება, თუმცა, მაინც იკეთებს.

ლოლუას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მზადდება სარჩელი, რომლის მიხედვითაც, ორსული, საკეისრო კვეთის მთლიან თანხას თავად დააფინანსებს. მისი თქმით ეს კანონი გავრცელდება მხოლოდ იმ ორსულებზე, რომლებსაც ფიზიოლოგიურად შეუძლიათ მშობიარობა.

როგორც სალომე ლოლუამ “მედიაცენტრ მთავარში” განმარტა, უნდა შეჩერდეს კლინიკებიც დაჯარიმებაც, რადგანაც, უსაშველოდ დიდი ჯარიმების გამო, სამშობიარო სახლები იხურება.

„ვამზადებთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომ შეჩერდეს კლინიკების დაჯარიმება. საუბარია იმ კლინიკებზე, რომლებსაც, საკეისრო კვეთებზე, სახელმწიფოსგან დაწესებული 40%-იანი ზღვარი ამოწურული აქვთ, დამატებით 1 საკეისრო კვეთაც რომ გააკეთონ, აჯარიმებენ. თან, აჯარიმებენ არა ლიმიტს გადაცილებული პროცენტით, არამედ 41, 45 თუ უფრო მაღალი პროცენტებით. ასევე, გვინდა, რომ კვლევები ჩავატაროთ, თუ რა დადებითი და უარყოფითი შედეგი მოიტანა 2016 წელს მიღებულმა კანონმა“ – განუცხადა ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარს“.

მისივე ინფორმაციით, ორსულმა უნდა იცოდეს, რომ ფიზიოლოგიურ მშობიარობას ალტერნატივა არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც კლინიკებს, საკეისრო კვეთებზე ფიქსირებული პროცენტი დაუწესეს. კანონის მიხედვით, საკეისრო კვეთა არ უნდა გასცდენოდა 40%-ს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალს საკეისრო რომც სჭირდებოდეს, ექიმი მას ვერ გაუკეთებს, ვინაიდან 40%-იანი ზღვარის გადაბიჯების შემთხვევაში, კლინიკა ჯარიმდება.

რაც შეეხება საკეისრო კვეთების მაჩვენებელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ეს ციფრი ქვეყანაში 15%-ს არ უნდა აჭარბებდეს. საქართველოს შემთხვევაში კი შედეგი 40%-ია.

როგორც სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, საკეისრო კვეთას ძირითადად მაღალი შემოსავლის მქონე ქალბატონები მიმართავენ.

„რაც მეტი შემოსავალი აქვს ფეხმძიმე ქალბატონს, უფრო მეტის საკეისრო კვეთაზე მოთხოვნა“ – განუცხადა „მედიაცენტრ მთავარს“ ლოლუამ.

მსგავსი თემები