საკარმიდამო ნაკვეთებში ფერომონების დამონტაჟება იწყება

ფაროსანასთან ბრძოლის თერმული ნისლით წამლობის შემდეგი ეტაპი სექტემბრიდან დაიწყება და მოზამთრე ფაზის დაწყებამდე გაგრძელდება. მავნებელთან ბრძოლის მიზნით,  საკარმიდამო ნაკვეთებში მოსაზიდი ფერომონების დამონტაჟდევბა, რაც მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით წამლობის დაგეგმვას გულისხმობს.

ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში, აბაშაში, 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრა, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტოსა და შტაბის წარმომადგენლებთან ერთად სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონების სოფლის რწმუნებულები ესწრებოდნენ.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ მესხმა განუმარტა, მოზამთრე ფაზაში მავნებელი ინაცვლებს საცხოვრებელ სახლებში, რაც მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ფერომონების დამონტაჟება საკარმიდამო ნაკვეთებში, იმისთვის, რომ ზუსტად განისაზღვროს ბრძოლის ღონისძიებების არეალი და მაქსიმალურად შემცირდეს მავნებლის რიცხოვნობა.

მათივე ინფორმაციით, ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა, მიმდინარე წლის აპრილიდან დღემდე, ქვეყნის 27 მუნიციპალიტეტის 523 სოფელში ჩატარდა. თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 433 450 ათასი ჰექტარი, სატრაქტორე აგრეგატით – 32 000-მდე ჰა. საყანე ფართობი, “მოიზიდე და გაანადგურე” სადგურების გამოყენებით (ცივიშესხურებით) – 55 ათასზე მეტი ჰექტარი; დიდი წარმადობის აეროზოლური გენერატორით – 11 391 ჰა.

 

 

მსგავსი თემები