“სათხილამურო სეზონს დავამთხვიოთ და თოვლში ჩავატაროთ პრეზიდენტის ინაუგურაცია” – დავით ჭიჭინაძე​

​მმართველი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ყოფილი წევრი, პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის თბილისის გარეთ ჩატარების წინააღმდეგია და აცხადებს, რომ ეს არის სახელმწიფო დონის ღონისძიება, რომელიც სათანადოდ უნდა წარიმართოს.

“ეს ხომ არ არის ის, რომ ერთი ადამიანი წავიდეს სადღაც და ფიცი დადოს. შეუძლია კაბინეტშიც მოაწყოს ინაუგურაცია. პრეზიდენტის ინაუგურაციაში ქვეყნის პოლიტიკური ელიტა მონაწილეობს. იქნებ სათხილამურო სეზონს დავამთხვიოთ და თოვლში, თხილამურებით ჩავატაროთ ინაუგურაცია. მე ვფიქრობ ეს არასერიოზული განცხადებაა, რომ თბილისში არ უნდა ჩატარდეს პრეზიდენტის ინაუგურაცია. სააკაშვილის ახასიათებდა ხოლმე ასეთი გამონათებები პოლიტიკური ცხოვრების შეცვლის თვალსაზრისით. ხან ფოთი თქვეს, ხან მესტია…  წავიდნენ მაშინ და სასახლეც იქ გადაიტანონ”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძე “მედიაცენტრ მთავარში” .

​თუ სად გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაცია, ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა კომენტარი დღეს თავად ახალარჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სთხოვეს. მან კი, თავის მხრივ განაცხადა, რომ ამის შესახებ საზოგადოებას უახლოეს დღეებში აცნობებენ.

მსგავსი თემები