„საგანძურის დამცველები“ პრემიერისგან და საპატრიარქოსგან მემორანდუმის გაუქმებას ითხოვენ

საგანძურის დაცვის საინიციატივო ჯგუფის წევრები საქართველოს საპატრიარქოსა და პრემიერ მინისტრს მიმართავენ და 7 მარტს გაფორმებული მემორანდუმის გაუქმებას ითხოვენ.

როგორც მხატვარმა შოთა გლურჯიძემ და ნინო მიქიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, მემორანდუმი არაერთ ნორმას ეწინააღმდეგება და დიდი საფრთხის შემცველია. საუბარია დოკუმენტზე, რომელიც სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმის კოლექციებისა და საგანძურის სხვა კოლექციისაგან გაყოფას ითვალისწინებს. მემორანდუმი 2019 წლის 7 მარტს ეროვნული მუზეუმის დირექტორ დავით ლორთქიფანიძესა და საქართველო საპატრიარქოს სიწმინდეების მოძიებისა და დაცვის განყოფილების ხელმძღვანელ, ნიკორწმინდელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე ვახტანგ შორის გაფორმდა. დოკუმენტის სახელწოდებაა: „მართლმადიდებლურ საეკლესიო საგანძურზე ერთობლივად ზრუნვა.“

„შეთანხმება, იგივე მემორანდუმი, რომელის საგანძურზე ერთობლივი ზრუნვის საბაბით გაფორმდა, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ის ეწინააღმდეგება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებულ კონსტიტუციურ შეთანხმებას და საქართველოს კანონმდებლობას, რომელიც საგანძურზე ზრუნვას არეგულირებს“ – ასე ახსნა ნინო მიქიაშვილმა მოთხოვნის მიზეზი.

როგორც მიქიაშვილი აღნიშნავს, კონსტიტუციურ შეთანხმებაში მკაფიოდ წერია, რომ სახელმწიფო, ეკლესიასთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამტკიცებს საეკლესიო საგანძურის სარგებლობის წესებს, ხოლო 7 მარტის შეთანხმება მართლსაწინააღმდეგოა და საქართველოს სამუზეუმო ფონდის აღრიცხვისა და დაცვის შესახებ ინსტრუქციას ეწინააღმდეგება.

„7 მარტის შეთანხმებით, ირღვევა საგანძურის განუყოფლობის პრინციპი. ეს არის მცდელობა, რომ ეს ორგვერდიანი მემორანდუმი ჩაენაცვლოს ეკლესიისა და ხელისუფლების მაკონტროლებელ ორგანოებს, საგანძურის მოვლა-პატრონობისა და დაცვის საქმეში“ – აღნიშნა ნინო მიქიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

საგანძურის დაცვის საინიციატივო ჯგუფის წევრებმა საპატრიარქოსა და საქართველოს პრემიერის აპარატში ოფიციალური წერილი დღეს შეიტანეს.

მსგავსი თემები