“სააკაშვილი ხან ჰოლანდიიდან მოდის, ხან ზეციდან” – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე, უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელინსკის გადაწყვეტილებას, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის შესახებ აფასებს და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორია.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, უკრაინა საქართველოს მეგობარი სახელმწიფოა, თუმცა, არის საკითხები, რომელიც მათი გადასაწყვეტია.

„ამ გადაწყვეტილებას ვერ მოვიწონებდი, იმ წარსულის გამო, რაც სააკაშვილმა უკრაინას დამართა. ჩემი მოლოდინი ასეთია – ვინც სააკაშვილს აქამდე იცნობდა, იცნობს, ვინც არ იცნობს, ის გაიცნობს. „ქართული ოცნებისთვის“ უკრაინის გადაწყვეტილება არაფერს მნიშვნელოვანს არ ნიშნავს. მიხეილ სააკაშვილი ჩვენთვის საინტერესო არ არის. ჩვენ უკრაინასთან მეგობრობას ვაგრძელებთ და ამის გამო ურთიერთობებს ჩრდილი არ და ვერ მიადგება. ბევრჯერ მოგვისმენია სააკაშვილისგან 2012 წლის შემდეგ, რომ საქართველოში სამ თვეში ბრუნდება, ექვს თვეში ბრუნდება. ახლა უკრაინიდან მოდის, ხან ჰოლანდიიდან, ხან ზეციდან. ვხედავთ, სადაც არის, არის უმისამართოდ, მაგრამ ახლა მისამართის შანსი გაუჩნდა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.

მსგავსი თემები