„სააკაშვილის საკითხი უმნიშვნელოა, უფრო სერიოზული თემებით ვართ დაკავებული პარტნიორთან“ – საგარეო მინისტრი

„მაღალი თანამდებობის პირების გამოჭერა კორიდორებში, ხელის ჩამორთმევის ფოტოების გადაღება და შემდეგ ამის წარმოჩენა, როგორც მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრის, ეს ჩვენი ხელწერა არ არის და ძალიან კარგად გვახსოვს, როგორც ხდებოდა მსგავსი ქმედებების საზოგადოებამდე მიტანა,“ – ასე ეხმიანება საგარეო უწყების პირველი პირი პრემიერ მინისტრის ბრიუსელში ჩასვლას.

შეგახსენებთ, რომ გავრცელდა ინფორმაცია მამუკა ბახტაძის ბრიუსელში ფარულად ჩასვლაზე და იმ სასტუმროში სტუმრობაზე, სადაც უკრაინის პრეზიდენტი დაბინავდა.

„ჩვენ ძალიან ღიად ვმუშაობთ და არ გვჭირდება არანირი ფარული შეხვედრები არავისთან და ეს შეხვედრა, რომელიც ბოლო წუთს დაიგეგმა ბრიუსელში იყო დაგეგმილი ჩვენი მეგობარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩის გორდონ სონდლანდის მიერ, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირში ამერიკის შეერთებულ შტატებს და არის საქართველოს დიდი მეგობარი,“- განაცხადა დავით ზალკანიანმა.

როგორც დიპლომატი განმარტავს, პრემიერ მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირში აშშ-ის ელჩის გორდონ სონდლანდის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში, რომელზეც მოწვეულ სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი კომისარი ფედერიკა მოგერინი, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი, რუმინეთის ვიცე-პრემიერი და სხვა უმაღლესი თანამდებობის პირები.

მინისტრის თქმით, ამაოა ოპონენტების მცდელობა, რომ შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა. დავით ზალკალიანის განცხადებით საქართველოს ხელისუფლება სტრატეგიულ პარტნიორებთან კომუნიკაციის დროს გაცილებით მნიშვნელოვანი თემებით არის დაკავებული ვიდრე მიხეილ სააკაშვილია.

„სააკაშვილის თემა არის სრულიად უმნიშვნელო და აბსოლუტურად არ არის საინტერესო. და საზოგადოებამ კარგად დაინახა უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის გაკეთებული განცხადებიდან, რომ ეს თემა არც ყოფილა განხილული. ჩვენ უფრო მნიშვნელოვანი თემებით ვართ დაკავებული ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებზე ვსაუბრობთ, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ვსაუბრობთ, სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, ევროკავშირთან ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ დაეს არის სერიოზული თემები ჩვენს სტრატეგიულ დღის წესრიგში და ჩვენ სწორედ ამ თემებს მივუყვებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მსგავსი თემები