საათობრივი პარკირების ამოქმედებას თბილისში დასაქმებულები აპროტესტებენ

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება. აღნიშნული წესის შემოღებამ დედაქალაქში მცხოვრები მძღოლები გააღიზიანა. როგორც ისინი “მედიაცენტრ მთავართან” ჰყვებიან, ამ კანონის ამოქმედებამდე მერიამ საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოაწესრიგოს.

მათი თქმით, დედაქალაქში არის ადგილები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მიდის, ან გარკვეული საათების შემდეგ აღარ მუშაობს. საათობრივი პარკირების ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეებს მოუწევთ ტაქსით იმგზავრონ, რაც დამატებით ხარჯს გულისხმობს.

“თბილისის მერიამ საათობრივი პარკინგი თუ შემოიღო, გამოდის, ტაქსით უნდა ვიარო, რადგან თბილისის ბევრ ადგილას ტრანსპორტი არ მიდის, ან გარკვეული დროის მერე აღარ მუშაობს. უკეთესი იქნებოდა, თბილისის მერიას ჯერ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მოეგვარებინა და შემდეგ შემოეღო ეს წესი”, – განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა “მთავართან” საუბრისას.

პარკირების საფასურის საათობრივად გადახდა, თბილისში დასაქმებულებსაც მოუწევთ. მათთვის სამუშაო ოფისებთან ავტომობილის გაჩერებაზე შეღავათები არ დაწესდება.

მოქალაქე, რომელსაც სამსახური ისნის რაიონში, ელიაზე აქვს აცხადებს, რომ მის სამუშაო ადგილამდე საზოგადოებრივი 21:30 საათის შემდეგ აღარ დადის, ის კი 16:00 საათიდან 22 საათამდე მუშაობს. სამსახურთან გაჩერებისთვის პარკირების საფასურს გადახდის წესის ამოქმედება მას მრავალ პრობლემას შეუქმნის.

“ჩემი სამსახური ცენტრალური გზიდან შორს მდებარეობს და ფეხით ფიზიკურად ვერ მიხვალ.  საკუთარი ავტომობილით რომ ვიარო სამსახურში, იქ გაჩერებისთვის კიდევ ფული უნდა ვიხადო? 50 თეთრი თუ ეღირება საათი, დღეში 3,50 ლარის გადახდა მომიწევს, კვირაში ეს უკვე დიდი თანხაა, ამას ემატება საწვავის საფასური და ავტომობილის ცვეთა”, – აცხადებს “მედიაცენტრ მთავართან” ერთ-ერთი მოქალაქე.

ახალი წესების თანახმად, პარკირების საფასური საათობრივად განისაზღვრება და ზონების მიხედვით განსხვავებული იქნება. პარკირების საათობრივი საფასური, სავარაუდოდ, მინიმუმ 50 თეთრი იქნება. თბილისის მერიის ინიციატივით, ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ ავტომობილს თავიანთ სამსახურთან გააჩერებენ, გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ. ამასთანავე, ყველა ავტომობილი უზრუნველყოფილი იქნება დღეში ოთხი უფასო 15-წუთიანი პარკირებით.

საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი პირველად კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩაზე, პირველი ივლისიდან ამოქმედდება. როგორც თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, პარკირებაზე გადახდის საათობრივი სისტემის შემოღების მიზანია ადამიანებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ. მინიმალური ტარიფი შედეგს თუ არ გამოიღებს, საფასური კიდევ გაიზრდება.

ჟურნალისტი მარიამ გელაშვილი
ფოტო – მილენა მითაგვარია

მსგავსი თემები