“რუსეთი ცდილობს, არალეგალურად დაყოს საქართველო” – მედლინ მუნი

ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე, საქართველოში რუსეთის აგრესიაზე, ასამბლეის პრეზიდენტმა ისაუბრა. მედლინ მუნმა უკანონო ბორდერიზაცია რუსეთის პირდაპირ აგრესიად შეაფასა.

ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებას კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი.  

“ჩვენ ვიხილეთ კიბერთავდასხმა ესტონეთის წინააღმდეგ 2007 წელს და საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია 2008 წელს. თუმცა, ჩვენ 2014 წელს მაინც გაგვიკვირდა, როდესაც რუსეთმა ძალა გამოიყენა თავისი მეზობლის წინააღმდეგ და უკრაინის ტერიტორიის ყირიმის ოკუპაცია მოახდინა. შემდეგ მან დაიწყო კამპანია აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გასაღვივებლად. რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლისა და ნორმების უხეშ დარღვევას თან ახლდა ძალისხმევა, რომლის მიზანი იყო დასავლური დემოკრატიული საზოგადოებისთვის და ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა.

საქართველოსთან და უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებისა და მათი ტერიტორიების არალეგალური ოკუპაციის დაგმობის საამაყო წარსული გვაქვს, თუმცა, ეს არ არის მხოლოდ სიტყვიერი, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვაჩვენეთ ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა. ჩვენ ეს 2017 წელს გავაკეთეთ თბილისში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გაზაფხულის სესიის გამართვით და ამას გავაკეთებთ მომავალ წელსაც, საგაზაფხულო სესიის კიევში გამართვით.

მიმდინარე წელს მე ვიზიტით ვიმყოფებოდი როგორც თბილისში, ასევე კიევში, რათა მეჩვენებინა ჩვენი მხარდაჭერა მათი ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ, რათა უშუალოდ მენახა, თუ როგორ უმკლავდებიან საქართველო და უკრაინა რუსეთის პირდაპირ აგრესიას. რუსეთს სურს, რომ ეს ხაზი გახდეს დადგენილი საზღვარი და ცდილობს არალეგალურად დაყოს საქართველო. ამის გამო, რუსეთი პერიოდულად წევს საზღვარს, არ აქცევს ყურადღებას იმ მოსახლეობას, რომელთა ოჯახები და საკუთრება იყოფა”, – განაცხადა მედლინ მუნმა.

მსგავსი თემები