რუსეთმა 2006 წელს დეპორტირებულ საქართველოს 7 მოქალაქეს კომპენსაცია გადაუხადა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციამ კომპენსაცია გადაუხადა 2006 წელს რუსეთიდან კოლექტიური გამოძევების შედეგად დაზარალებულ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ინდივიდუალური საჩივრები ჰქონდათ წარდგენილი.

საუბარია საქმეზე “ბერძენიშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ”, რომელიც 19 აპლიკანტის ინდივიდუალურ შემთხვევას მოიცავს, მათ შორის, 8 პირის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. აღნიშნულ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება 2019 წლის 26 მარტს გამოიტანა და დაადგინა, რომ რუსეთს დაზარალებული მოქალაქეებისთვის სხვადასხვა ოდენობის კომპენსაცია (2000 ევრო ან/და 10,000-დან 15,000 ევროს ფარგლებში) უნდა გადაეხადა. კომპენსაციის ოდენობა თითოეული მომჩივანის მიმართ  ინდივიდუალურად განისაზღვრა მათ მიმართ დარღვეული უფლებების სიმძიმის, ინტენსივობისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით.

ევროპული სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, რუსეთს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა. ეს თანხა რუსეთს ამ დრომდე არ გადაუხდია.

მსგავსი თემები