„რუსეთი საქართველოდან საფრთხეს თუ იგრძნობს, ჩვენ მისგან მუდმივად საფრთხეში ვიქნებით“ – გიორგი ლომია

პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ლომია არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ რუსეთი საქართველოს აშანტაჟებს და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციაზე უარს ითხოვს.

როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიიდან საფრთხე არ უნდა იგრძნოს.

„ევროკავშირის სტრუქტურებში ინტეგრაციის შეწყვეტა ჩვენთვის არავის მოუთხოვია. ეს არის არასწორი ინფორმაცია. პირიქით, არაერთ შეხვედრაზე რუსეთში პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება პრობლემას არ წარმოადგენს. ერთადერთი, პრობლემაა საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-ს ბაზების განლაგება. ნატო-ს ბაზა არ უნდა განლაგდეს საქართველოს ტერიტორიაზე. თუ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და ბაზას არ განალაგებს, რუსეთს არანაირი პრეტენზია და პრობლემა არ უჩნდება“, – აღნიშნა ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

დეპუტატის განცხადებით, მოსკოვში ვიზიტისას, პატრიოტებმა მათ სამმხრივ ფორმატში მონაწილეობა შესთავაზეს: „ჩვენ შევთავაზეთ სამმხრივი ფორმატი, არა მხოლოდ რუსეთში, არამედ ნატო-ს ხელმძღვანელობასაც შევხვდით და ვისაუბრეთ. სამმხრივ ფორმატში მოიაზრება ნატო, საქართველო და რუსეთი. მთავარი იყო ის, რომ თუ ჩვენი ქვეყანა გახდებოდა ალიანსის წევრი, მიიღებდა ყველა სამხედრო კამპანიაში მონაწილეობას, მაგრამ, ჩვენს ტერიტორიაზე არ განლაგდებოდა ნატო-ს ბაზა, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსეთს და ამ საფრთხის ქვეშ ვხვდებით ჩვენც, ჩვენი ქვეყანა. ბუნებრივია, თუ რუსეთი იგრძნობს საფრთხეს საქართველოს ტერიტორიიდან, ჩვენ მუდმივად საფრთხის ქვეშ ვიქნებით რუსეთის მხრიდან. ამიტომ, შესაძლებელია, ამ სამმხრივ ფორმატზე დავიწყოთ საუბარი“.

გიორგი ლომია კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ რუსეთი საქართველოს არ ემუქრება: „რაც შეეხება იმას, რომ თითქოს რუსეთმა მოგვთხოვა შევწყვიტოთ ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია და საუბარი ალიანსთან, მსგავსი რამ არ ყოფილა“.

მსგავსი თემები