“როცა სახელმწიფო აცხადებს, რომ მის ქვეყანაში ტერორისტები იზრდებიან, ეს მისთვისაც დარტყმაა, დამთავრდეს მანიპულაცია“ – მექა ხანგოშვილი

ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი საქართველოს ხელისუფლებას, პანკისის ხეობის მიმართ, არამშვიდობიანი პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ჩეჩნებმა ხეობის მშვიდობიან რელსებზე გადაყვანა ვერ მოახერხეს. ხეობაში მიმდინარე პროცესებზე მექა ხანგოშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„ჩემი პოზიცია პანკისის ხეობის მოსახლეობის პოზიციასთან სრულ კავშირშია. ამ საკითხში ყველანი ერთსულოვანი ვართ. სამწუხაროდ, გრძელდება მაჩალიკაშვილის და მისი ოჯახის დისკრედიტაცია. სამწუხაროდ, ის სპეცოპერაცია, რაც პანკისში მოხდა, ჯერ კიდევ არ აქვს მოსახლეობას მონელებული. 21 აპრილს მოხდა ძალიან დიდი ტრაგედია ხეობაში და როდესაც ხეობის მოსახლეობა ვცდილობთ, მშვიდობიან რელსებზე გადავიყვანოთ ხეობა, სამწუხაროდ ამ დროს ძალოვანი სტრუქტურები აკეთებენ ისეთ რაღაცას, რომ ხეობაში იყოს დაძაბულობა, აღშფოთება“ – აღნიშნა ხანგოშვილი „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე თქმით, დიდი დანაშაულია, როცა საქართველოს ხელისუფლება პანკისელ დედებს ტერორისტი შვილების აღზრდაში ადანაშაულებს.

„ეს არ არის მშვიდობიანი პოლიტიკა ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან. წელიწადნახევარი გავიდა და თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გამოძიება არ დასრულებულა, ის არ დაუდანაშაულებიათ ტერორიზმში, მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი თანამდებობის პირი იღებს პასუხისმგებლობას და მას ნათლავს,როგორც ტერორისტს, რაც ძალიან აღმაშფოთებელია ჩვენთვის. ეს არამხოლოდ პანკისის ხეობისთვის არის აღმაშფოთებელი, არამედ იმ ქისტებისთვისაც, რომლებიც ნამდვილად არ ზრდიან ხეობაში ტერორისტებს. ისინი ზრდიან საქართველოს ძალიან ერთგულ და ღირსეულ შვილებს“ – აცხადებს მექა ხანგოშვილი.

როგორც ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელმა „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, თავად ქვეყნისთვის დიდი დარტყმაა, როცა ხელისუფლება საკუთარ ქვეყანაში ტერორისტების გაზრდაზე აფიშირებს.

„ვფიქრობ, რომ სახელმწიფოსთვისაც ეს არის დამაზარალებელი. იმ რეალობაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ყველა ნორმალურ სახელმწიფოში, ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხისმგებლები არიან და ვალდებულნი არიან, რომ მათი ქვეყანა გამიჯნონ ტერორიზმისგან. როდესაც მაღალი თანამდებობის პირი ადანაშაულებს თავის ქვეყნას, რომ ის ტერორისტებს ზრდის, ეს არის ძალიან სამწუხარო და აღმაშფოთებელია. ამდენად პანკისის ხეობის მოსახლეობა, სწორედ ამ განცხადებების საფუძველზე არის ძალიან აღელვებული და თავისთავად მოითხოვს, რომ პანკისი ხეობაში დამთავრდეს ამ ხეობის მანიპულაციები, დამთავრდეს, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში ხეობის მოსახლეობა მუდმივად გავდივართ ბეწვის ხიდზე“ – განაცხადა მექა ხანგოშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები