“როგორც უნდათ ისე გამოუშვან, უნდათ პრეზიდენტს შეაწყალებინონ, უნდათ უდოთი გამოუშვან” – მარგველაშვილი “პოლიტპატიმრებზე”

“როგორც უნდა ისე გააკეთონ. უნდათ პრეზიდენტს შეაწყალებინონ, უნდათ კანონი გააკეთონ და ჩაწერონ იქ სამი გვარი და ისე გამოუშვან, უნდათ უდოთი გამოუშვან, უნდათ კიდევ სხვა რამით გამოუშვან”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “პოლიტპატიმრებზე” საუბრისას განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, გიგი უგულავა მას შემდეგ გახდა “პოლიტპატიმარი”, როდესაც გამოვიდა ციხიდან, მოიხადა სასჯელი და დაიწყო აქტიური პოლიტიკური ცხოვრება.

“უგულავა იჯდა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, იყო ცნობილი დამნაშავე და არც ერთ ჩვენს პარტნიორს არ გაჩენია კითხვის ნიშანი, არც უგულავას სამართლიანად ჩაჯდომასთან დაკავშირებით და არც მერაბიშვილის სამართლიანად ჩაჯდომასთან დაკავშირებით. მერაბიშვილთან იყო პრობლემები მის გაყვანასთან მიმართებაში. 

გიგი უგულავას ერთი დღე ჰქონდა, როდესაც 9 თვიანი ვადა დაუმთავრდა და მეორე პატიმრობა ეწყებოდა. ის ერთი დღეც არ შევარჩინე არავის. გამოვედი და გავაკეთე განცხადება, რომ ამ წუთას გაეთავისუფლებინათ უკანონო პატიმარი, რომ რამდენიმე საათიც კი, 24 საათი არ ყოფილიყო კონკრეტულად უგულავა ციხეში. უგულავა პოლიტპატიმარი გახდა მაშინ, როდესაც გამოვიდა ციხიდან, მოიხადა სასჯელი, დაიწყო აქტიური პოლიტიკური ცხოვრება და ის ამ არგუმენტით შეაბრუნეს ციხეში. ნურც უგულავას, ნურც ოქრუაშვილისა და ნურც რურუასთან მიმართებაში იურიდიულ დეტალებში ნუ შევალთ. ეს ადამიანები პოლიტიკურ კონტექსტში არიან დაკავებული. მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი საქმეები ცოცხლდება, აქტიურდება, ან მძაფრდება, როცა ისინი პოლიტიკურად აქტიურები არიან”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.  

მსგავსი თემები