რეფორმები შსს-ს ყველა საპოლიციო დანაყოფს შეეხება

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უწყებაში რეფორმები ყველა საპოლიციო მიმართულებას შეეხება. როგორც გომელაურმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე აღნიშნა, მართლწესრიგის დაცვა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და  სამართალდამცავი სტრუქტურის მიმართ ნდობის ამაღლება მისი მთავარი პრიორიტეტია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს ე.წ. „სისტემური განახლების“ პროცესი, რომლის მიზანია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ეფექტიანი სისტემის უზრუნველყოფა. სისტემური განახლება მოიცავს სტრუქტურულ რეფორმებს, ასევე შინაარსობრივ და საკანონმდებლო ცვლილებებს. ამასთან, თითოეული ცვლილება ეფუძნება ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებს, როგორიცაა საპოლიციო საქმიანობის ხარისხი, ადამიანის უფლებები და ეფექტიანობა. სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე რეფორმები შეეხება სამინისტროს ყველა ძირითად საპოლიციო დანაყოფს, როგორიცაა: კრიმინალური და საპატრულო პოლიცია, სასაზღვრო პოლიცია. რეფორმირების პროცესში ხორციელდება სისტემის სრული ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური განვითარება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და საკანონმდებლო ბაზის დახვეწა“, – აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში მოსმენისას.

მისივე განცხადებით, დღეს, საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო ფუნქციები თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამიჯნულია. ასევე, საგამოძიებო და ოპერატიული ფუნქციები გამიჯნულია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. აღნიშნული პროცესი გაგრძელდება და გამიჯვნა მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდება.

გომელაურის განცხადებით, გაგრძელდება მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის გაძლიერება და აღნიშნული რეფორმა მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება.

მსგავსი თემები