რეკომენდაციები ორსულობისა და ჩვილთა კვების საკითხებზე, კორონავირუსის გავრცელების პირობებში

გაერო-ს მოსახლეობის ფონდი „კოვიდ 19-ის“ პრევენციის მიზნით და ასევე ინფიცირების შემთხვევაში, რეკომენდაციებს ავრცელებს, რომელიც ორსულობისა და ძუძუთი კვების საკითხებს შეეხება.

ფონდში აღნიშნავენ, რომ ამჟამად მიმდინარეობს კვლევა იმის დასადგენად, რა ზეგავლენას ახდენს COVID 19-ის ინფექცია ორსულ ქალებზე. ჯერჯერობით მწირი მონაცემებია ხელმისაწვდომი, მაგრამ ამ ეტაპზე არ არსებობს მყარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ორსულები უფრო მეტი რისკის წინაშე იქნებოდნენ, ვიდრე საერთო მოსახლეობა. თუმცა ცნობილია, რომ ორსული ქალების სხეულსა და იმუნურ სისტემებში მიმდინარე ცვლილებების გამო, ზოგიერთმა რესპირატორულმა ინფექციამ შეიძლება, მათზე მძიმედ იმოქმედოს. შესაბამისად, როგორც ფონდის ფეისბუქგვერდზეა აღნიშნული, მნიშვნელოვანია, ორსულმა ქალებმა სიფრთხილის ზომები მიიღონ COVID-19-ისგან თავის დასაცავად და შესაძლო სიმპტომების (რაშიც შედის მაღალი ტემპერატურა, ხველება ან გართულებული სუნთქვა) შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინონ ოჯახის ექიმს ან მეანგინეკოლოგს.

რეკომენდაციების თანახმად, ორსულმა ქალებმა სიფრთხილის ისეთივე ზომები უნდა მიიღონ COVID-19-ის ინფექციის თავიდან ასაცილებლად, როგორიც სხვა პირებმა. კერძოდ, ხშირად უნდა დაიბანონ ხელები, დაიცვან დისტანცია და ა.შ. რაც შეეხება ვირუსის გადადების საფრთხეს, ფონდი აღნიშნავს, რომ დღემდე, ვირუსი არც სანაყოფე წყლების, არც დედის რძის ნიმუშებში არ აღმოჩენილა.

რეკომენდაციების თანახმად, COVID-19-ით ინფიცირებულ ქალებს შეუძლიათ, ბავშვი ძუძუთი გამოკვებონ, თუ თავად ასე ისურვებენ, რისთვისაც საჭიროა რესპირატორული ჰიგიენის დაცვა ბავშვის კვების დროს, ნიღბის ტარება და ჰიგიენური ნორმების დაცვა.

რეკომენდაციები ქართულსომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, ფონდის ფეისბუქგვერდზე არის ხელმისაწვდომი.

მსგავსი თემები