„რევანშის წყურვილმა, შესაძლოა, გამოუსწორებელ შეცდომამდე მიგვიყვანოს, პროცესები უნდა მივიდეს არჩევნებამდე“ – დეპუტატი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, მიმდინარე ქაოტურმა პროცესებმა და ხელისუფლებაში დაბრუნების და რევანშის წყურვილმა, შესაძლოა, გამოუსწორებელ შეცდომამდე მიგვიყვანოს. აღნიშნული განცხადება დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

როგორც კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა, ორი აზრი არ არსებობს, რომ პროცესები არჩევნებამდე უნდა მივიდეს.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში, ბევრი პროცესის გამო დაბნეული ვარ. ყველა ერთად ვეთამაშებით სახელმწიფოებრიობას. არაკეთილგონიერი დამოკიდებულება გვაქვს იმ 30 წლიან მონაპოვართან, რომელიც გაგვაჩნია. შესაძლებელია, ვიღაცის დაუოკებელმა სურვილმა ხელისუფლებაში დაბრუნების და რევანშის, ან ვიღაცის დაუდევარმა სურვილმა, რადაც არ უნდა დაუჯდეს შეინარჩუნონ ხელისუფლება, შესაძლოა, გამოუსწორებელ შედეგამდე მიგვიყვანს. სადღაც დაიკარგა სიმართლე. ამ სიმართლის გაგონება საზოგადოების გარკვეულ ნაწილს არ უნდა“ – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

დეპუტატის შეფასებით, საზოგადოებრივი განწყობის აღწერის საუკეთესო საშუალება სწორედ არჩევნებია და მიმდინარე პროცესები 2020 წლის საპარლამენტო არევნებამდე მისაყვანია.

„საზოგადოებრივი განწყობების აღწერის საუკეთესო საშუალება არის არჩევნები. ნებისმიერ მიტინგზე, რომელი მხარის ორგანიზებულიც არ უნდა იყოს ის, მიდის 50-100 ათასი კაცი. არჩევნებზე კი მიდის 2 მილიონი ადამიანი. პროცესები უნდა მივიდეს არჩევნებამდე. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. სერიოზულად ვხედავ გარკვეულ მცდელობას, როგორმე პროცესები არ მივიდეს არჩევნებამდე და მოხდეს სიტუაციის რადიკალიზაცია, დაპირისპირება, რასთანაც ძალიან ახლოს ვდგევართ. ეს კი იქნება კატეგორიულად დაუშვებელი და დამანგრეველი ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის“ – განაცხადა ნარჩემაშვილმა.

მსგავსი თემები