რა პრობლემებს უქმნის დისტანციური სწავლება სოციალურად დაუცველებსა და მრავალშვილიანებს და რას ავალდებულებენ სკოლები მათ?!

„ახალი კორონავირუსის“ გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, სკოლები, როგორც საჯარო ისე კერძო, დისტანციურ სწავლებაზე გადადიან. მშობლებმა უკვე მიიღეს შეტყობინებები სკოლებისგან, რომ შვილებს შეუქმნან, სკაიპი, ელექტრონული მისამართი, უზრუნველყონ კომპიუტერებით, ინტერნეტით და ორშაბათიდან მოემზადონ დისტანციური სწავლებისთვს.

აღნიშნული გადაწყვეტილება არაერთი ოჯახისთვის აღმოჩნდა მტკივნეული. მათ შორის მათთვის, ვისაც ერთზე მეტი შვილი ჰყავს და ასევე სოციალურად დაუცველებისთვის, რომლებსაც არა თუ კომპიუტერი, ტელეფონისა ინტერნეტის ხელმისაწვდომობაც არ გააჩნიათ.

აღნიშნული პრობლემის „მედიაცენტრი მთავარი“ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც არაერთი მშობლისგან მივიღეთ წერილი. გთავაზობთ, რა პრობლემაზე საუბრობენ მშობლები.

ნატა, ერთ-ერთი კერძო სკოლის მშობელი: „ელექტრონულ სწავლებას რომ გვთავაზობთ და გადავდივართ, ძალიან მაინტერესებს ვართ ამისთვის მზად? სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეებს შესაბამისი აღჭურვილობით თუ მშობელი ვალდებულია:

1.     შეუძინოს შვილებს ლეპტოპები?

2.     არ იმუშაოს, დაჯდეს შვილებთან ერთად სახლში და მათთან ერთად დაესწროს და დაეხმაროს ელექტრონული სწავლების პროცესში, რადგანაც, ბავშვებს არანაირი გამოცდილება არ აქვთ დამოუკიდებლად, ამ ყველაფრის ათვისების?

3.     უზრუნველყოს შვილები ინტერნეტით და მისცეს შესაძლებლობა მთელი დღე გაატაროს კომპიუტერთან?

ჩემი ერთი შვილი მეხუთე კლასშია, მეორე მეექვსეში. არასდროს ვიყავი მომხრე კომპიუტერი და ტელეფონი ჰქონოდათ და შესაბამისად, არც ერთი აქვთ და არც მეორე. ახლა, სკოლა მეუბნება, რომ ბავშვები გადავიყვანო ელექტრონულ სწავლებაზე, როგორ? მაძლევს შესაბამის ტექნიკას თუ თავად უნდა შევიძინო ორი კომპიუტერი, რადგანაც ორივეს გაკვეთილები დილით აქვს? თუ ეს იდეა მხოლოდ ფულიანებზეა გათვლილი, ვისაც ინტერნეტიც აქვს, კომპიუტერიც და ბოლო მოდელის ტელეფონიც. კეთილი ინებეთ და გამეცით პასუხი“.  
     

მეგი, 3 შვილის მშობელი: „ძალიან რთულ დღეში ვარ. 3 შვილი მყავს, საინტერესოა სკოლებმა იფიქრეს თუ არა იმაზე, ვისაც 2, 3, 4 შვილი ჰყავს, რომლებსაც ელექტრონული გაკვეთილები ერთდროულად ეწყებათ, რას სთხოვს სკოლა – 3 კომპიუტერს თუ რამე სხვა ვარანი გაქვთ? იქნებ გაგვიზიაროთ. იქნებ ცოტა მეტად შეწუხებულიყავით და გაცდენილი დღეები თუ არდადეგები ზაფხულისთვის, ივნის-ივლისისთვის დაგემატებინათ, მაგრამ თქვენ ხომ ასე მარტივად იშორებთ, ნაკლები დანახარჯებით ამ ყველაფერს“.

ნინი, სოციალურად დაუცველი: „სოლიდარობა ნიშნავს გვერდში დგომას, მხარდაჭერასა და მდგომარეობის შემსუბუქებას. რაც შეეხება საჯარო სკოლებს, გიფიქრიათ, რამდენი სოციალურად დაუცველი მოსწავლე გყავთ, ვისაც კომპიუტერი კი არა, მობილური ტელეფონი თვალით არ უნახავს? რას ავალდებულებთ – ჰქონდეს ინტერნეტი, კომპიუტერი და ჩაერთოს დისტანციურ სწავლებაზე?! მე პირადად ასეთ ოჯახს წარმოვადგენ, არ მაქვს არანაირი შესაძლებლობა დისტანციურ სწავლებაში ჩავერთო, რაც მეუბნება სახელმწიფო და სკოლა? ამის გამო უნდა დავჩაგრო ჩემი შვილი თუ რამე ალტერნატივას  მთავაზობს? გარდა ამისა, მე არაფერი გამეგება კომპიუტერის და ვინმე უნდა დავიქირავო ჩემი შვილისთვის თუ რა გავაკეთო?!“

აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით,  „მედიაცენტრი მთავარი“ პარლამენტის წევრს, განათლებისა და მეცნიერების  კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს ესაუბრა, როგორც მან გვითხრა, ყველა ოჯახის მდგომარეობა გათვალისწინებული უნდა იყოს.

„ აუცილებელია, სამინისტრომ, როგორც ნორმატიულ აქტებში, ბრძანებებსა და რეკომენდაციებში გაითვალისწინოს სოციალურად დაუცველი ბავშვების ინტერესები, რომელთაც ხშირად არ მიუწვდებათ ხელი როგორც ინტერნეტზე ისე შესაბამის ტექნიკაზე და მეორე, მნიშვნელოვანია იმ ოჯახების პოზიციების გათვალისწინება  ვისაც ერთზე მეტი შვილი ჰყავს და არ აქვს შესაძლებლობა, ყველა ბავშვი უზრუნველყოს კომპიუტერებით. კარგია რომ დისტანციურ სწავლებაზე გადავდივართ, რადგან ეს ხელს შეუწყობს სწავლის უწყვეტობას, თუმცა სულ მცირე 2 რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოს სამინისტრომ, რომ ბავშვები არათანაბარ პირობებში არ აღმოჩდნენ“, – განუცხადა მარიამ ჯაშმა მედიაცენტრ მთავარს.

აღნიშნულ პრობლემაზე, „მედიაცენტრი მთავარი“ ასევე შემოგთავაზებთ  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოზიციასა და რეკომენდაციებს.       

მსგავსი თემები