რა მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში სახიფათო სამედიცინო ნარჩენების მართვის კუთხით და ხვდება თუ არა ის ნაგვის ბუნკერებში?! (ვიდეო)

სამედიცინო ნარჩენების ნაგვის ბუნკერებში გადაყრაზე სანქციები  10-12 ჯერ იზრდება. რა მდგომარეობაა ქვეყანაში სახიფათო სამედიცინო ნარჩენების ნაგავში მოხვედრის კუთხით, სად მიდის სამედიცინო ნარჩენები, რა რეგულაციები მოქმედებს ქვეყანაში, ამ საკითხებზე „მცხეთის სამედიცინო ცენტრისა“ და „პრივატ კლინიკის“ ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

როგორც ნონა მაღრაძემ აღნიშნა, ნარჩენების მართვა მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის გამოწვევაა, თუმცა, კანონმდებლობა, სამედიცინო სფეროს ავალდებულებს არსებული რეგულაციები მკაცრად დაიცვან.

„სამედიცინო ნარჩენების სეპარაცია უშუალოდ დაწესებულების დონზე უნდა მოხდეს. საუბარია, სამედიცინო ნარჩენების შეგროვებზე, დროებით დაყოვნებასა და დაწესებულებიდან მათ დროულად გატანაზე. ამ წესებისა და რეგულაციების ზუსტად დაცვა ხდება როგორც „მცხეთის სამედიცინო ცენტრში“ ისე „პრივატ კლინიკაში“ და ამ პროცესს არაერთი მაკონტროლებელიც ჰყავს. არსებობს ნარჩენების მართვის კოდექსი, დადგენილება #294, რომელიც სწორედ  ნარჩენების მართვას ეხება. ძირითადად, სამედიცინო ნარჩენების 2 კლასიფიკაცია არსებობს – სარისკო და არასარისკო ნარჩენები, ანუ სახიფათო და უსაფრთხო ნარჩენები. არასახიფათო ნარჩენებია ოფისის და ადმინისტრაციულ დონეზე მომუშავე პროცესების დროს დაგროვილი ნარჩენები, რომლის ნაგვის ბუნკერებში გადაყრა დაშვებულია, ხოლო სახიფათო, სარისკო ნარჩენები ნაგვის ბუნკერებში არ უნდა მოხვდეს“ – აღნიშნა ნონა მაღრაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

კითხვაზე, სად მიდის სახიფათო და რისკის შემცველი სამედიცინო ნარჩენები, რესპონდენტმა გვიპასუხა, რომ კანონმდებლობით ეს ყველაფერი რეგულირდება და ამ წესების დაცვას არაერთი მაკონტროლებელი ორგანოც ჰყავს.

„ინფექციური ნარჩენები უნდა მოთავსდეს კლინიკებში განთავსებულ ყვითელ კონტეინერებში, სადაც თავსდება სითხით, ორგანული სითხით დაბინძურებული ნარჩენები, ხელსაწმენდები, რომელიც შეიძლება შეხებაში იყოს ორგანულ სითხეებთან. თუმცა, ცალკე სარისკო ნარჩენებში გამოყოფილია ბასრი საგნები, ნემსები, შპრიცები. ეს კონტეინერები არ უნდა იყოს ადვილად დაზიანებადი, არ უნდა ატარებდეს სითხეს და იყოს მედეგი. პერსონალი უნდა იყოს სათანადოდ მომზადებული, რომელმაც უნდა იცოდეს ეს წესები. დასახელებული ორი კლინიკის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ამ წესების სრულად დაცვა ხდება და პერსონალსაც პერიოდულად ტრენინგებიც უტარდება“.

თუმცა, არის შემთხვევები და ამას არც მაღრაძე გამორიცხავს, რომ, გარკვეული კლინიკის თუ პერსონალის დაუდევრობით, სახიფათო, სარისკო და დაბინძურებული სამედიცინო ნაჩთენები ნაგვის ბუნკერებში ხვდება, რომელიც ინფექციების და სხვადასხვა დაავადებების წყაროა.

„ზოგადად, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ნაგავსაყრელებზე სარისკო ნარჩენები გვხდება. ამისთვის მნიშვნელოვანია შიდა პროცესებისა და შიდა კონტროლის გააქტიურება, პერსონალის მუდმივი გადამზადება. ეს არის საერთო პრობლემა, რომელსაც მეტი ინსპექტირება და მეთვალყურეობა სჭირდება. წლების წინ, ეს გაცილებით მძიმე პრობლემა იყო, ვიდრე დღეს. ადრე, ეს იყო მძიმე პრობლემა, განსაკუთრებთ რეგიონებში და მინახავს კიდეც, რომ  პლაცენტა მოთავსებული იყო არა სახიფათო ნარჩენებში“ – აღნიშნა ნონა მაღრაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.  

რაც შეეხება ამოკვეთილ ორგანოებსა და პატარა ნარჩენებს, „მცხეთის სამედიცინო ცენტრისა“ და „პრივატ კლინიკის“ ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, კანონმდებლობაში, ამ შემთხვევაშიც ყველაფერი გაწერილია, თუმცა, რიგ შემთხვევაში, ქვეყნის მასშტაბით,  ყველაფერი არ სრულდება.

„როდესაც ხდება ორგანოს ამოკვეთა, უნდა მოხდეს ამ ორგანოს კვლევა. შესაბამისად, ნებისმიერი ამოკვეთილი ორგანო იგზავნება საკვლევად. საბოლოოდ კი, მათი ვალდებულებაა ეს ყველაფერი გაანადგურონ შესაბამისი წესით. ზოგ კლინიკაში, ამ მხრივ ყველა წესის დაცვა არ ხდება და  სავალალო მდგომარეობაა. კლინიკებს შორის არსებობს ნეიტრალური ადგილები, სადაც, არასახიფათო ნარჩენებში სახიფათო ნარჩენები, მაგალითად  შპრიცები  ერევა და ეს ბუნკერები იმდენად გადავსებულია, სერიოზულ  საფრთხეს ქმნის“ – განაცხადა ნონა მაღრაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მისივე შეფასებით, ასეთ შემთხვევებში, ეპიდემიის რისკი მაღალია: „ ყველაზე დიდი რისკი შეიძლება იყოს  ეპიდემიის გავრცელების ძალიან დიდი საშიშროება. სახიფათო ნარჩენებისგან ვრცელდება ისეთი დაავადებები, როგორიცაა შიდსი, C ჰეპატიტი, B ჰეპატიტი. ასეთი ინფექციები საკმაოდ აქტიურად ვრცელდება სახიფათო ნარჩენებით. არადა, ყველა სამედიცინო დაწესებულებაში უნდა  არსებობს ნარჩენის დაყოვნების ოთახი, სადაც, მსგავსი ნარჩენი, მის გატანამდე ყოვნდება“.

შეგახსენებთ, რომ არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, თუ დღემდე, დამრღვევი ფიზიკური პირი 400 ლარით ჯარიმდებოდა, ჯარიმა  5 000-მდე გაიზარდა,  იურიდიული პირი კი 1 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარით დაჯარიმდება.

მსგავსი თემები