“რა მაქვს სატირალი ღმერთო” – თბილისში დაღუპული 19 წლის ბიჭის უკანასკნელი ლექსი

თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, გაზის გამონაბოლქვით დაღუპული, 19 წლის ლაშა კობახიძე ლექსებს წერდა. უკანასკნელი ლექსი 19 იანვარს, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ადამიანები დროს უაზრო ნატვრაში კარგავენ. ის მადლიერებას გამოხატავს იმ სიყვარულისთვის, რასაც გარშემომყოფებისგან იღებს და მიაჩნია, რომ მატერიალური კეთილდღეობისთვის ადამიანი ღმერთს არ უნდა აწუხებდეს.

”რა მაქვს სატირალი ღმერთო,
რა მაქვს საწუწუნო შენთან,
ზოგჯერ უაზროდ რომ ვყბედობ,
მაინც საყვედურს რომ ვბედავ.

მე რომ სიმდიდრეზე ვფიქრობ,
ვიღაც წყლის წყურვილით კვდება,
ვიღაც განთიადის ცისკარს,
საწოლმიჯაჭვული ხვდება.

მე რომ არ ვჯერდები ცოტას,
ძვირფას სამოსელს რომ ვეძებ,
მშიერ, ფეხშიშველთან ვცოდავ,
საჭმელს ნაგავზე რომ ეძებს.

რა მაქვს საწუწუნო ღმერთო,
ამდენ სიყვარულის პატრონს,
ბევრჯერ რა უაზროდ ვყბედობთ 
და რა სისულელეს ვნატრობთ”.

31 იანვარს, თბილისში, ქეთევან წამებულის N 67-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, გაზის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილეთა უმეტესობა ერთმანეთის ნათესავები იყვნენ. ისინი დედაქალაქში სამუშაოდ იყვნენ ჩამოსულები და ბინა ერთად ჰქონდათ ნაქირავები. 

მსგავსი თემები