რა ეკრძალება ნიკა მელიას

“ნიკა მელიას დროებით ეკრძალება საჯარო გამოსვლები და საჯარო განცხადებების გაკეთება, ეკრძალება ყოველგვარი კომუნიკაცია იმ პირებთან, რომლებიც წარმოადგენენ მოწმეებს მისი ბრალდების, სისხლის სამართლის საქმეში,” – ამის შესახებ საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა, საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გარდა ამისა, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს ჩამოერთვა პირადობის დამადასტურებელი ყოველგვარი მოწმობა, რაც მას ქვეყნიდან გასვლაში ხელს შეუშლის.

“ნიკანორ მელია ვალდებულია, საკუთარი პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი სხვა ყველა დოკუმენტი ჩააბაროს სამართალდამცავ ორგანოებს, რაც მას ხელს შეუშლის, კანონიერად გადაკვეთოს საქართველოს საზღვარი და დატოვოს საქართველოს ტერიტორია, იგი ვალდებულია, იმყოფებოდეს მის საცხოვრებელ სახლში და სამართალდამცველი ორგანოების ნებართვის და მათი წინასწარი ინფორმირების გარეშე არ დატოვოს საცხოვრებელი სახლი. მას დროებით ეკრძალება საჯარო გამოსვლები და საჯარო განცხადებების გაკეთება და ამასთან ერთად, ეკრძალება ყოველგვარი კომუნიკაცია იმ პირებთან რომლებიც წარმოადგენენ მოწმეებს მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში”, – განაცხადა პროკურორმა.

ხოლო რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ მოხდა სასამართლოს მხრიდან პროკურატურის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, ამირან გულუაშვილმა განმარტა, რომ წერილობითი დოკუმენტაციის მიღების შემდეგ იმსჯელებენ, გაასაჩივრებენ თუ არა გადაწყვეტილებას.

“სასამართლოს შესაბამისი პროცედურის გათვალისწინებით არ განუმარტავს კონკრეტული მოზეზები და არგუმენტები, თუ რაზე დაყრდნობით გამოიტანა გადაწყევტილება. რამდენიმე ხანში ჩაგვბარდება წერილობითი ვერსია განჩინების და უკვე ამ დოკუმენტის შეფასების შემდეგ, ვიმსჯელებთ გავასაჩივრებთ თუ არა აღნიშნულ გადაწყვეტილებას,” – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.
მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

მსგავსი თემები