რას გვთავაზობს ახალი სამთავრობო გეგმა განათლების კუთხით?

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მიერ საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი 2019-2020 წლის სამთავრობო გეგმის მიხედვით, ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი – განათლებაა.

დოკუმენტში წერია, რომ სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში უზრუნველყოფილი იქნება ინკლუზიური და უსაფრთხო გარემო, აღსაზრდელების საუკეთესო ინტერესების დაცვა. გაძლიერდება სკოლამდელი განათლების სტანდარტების დანერგვის კონტროლის სისტემა. ეროვნულ დონეზე შეიქმნება სკოლამდელი განათლების ხარისხის შეფასების, განვითარებისა და მართვის მოდელი და მექანიზმები.

აღმზრდელ-პედაგოგების პროფესიული სტანდარტის შესაბამისად ამოქმედდება კადრების მომზადებისა და გადამზადების სისტემა, დაიწყება აღმზრდელისა და აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიების განვითარება, პროფესიაში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოზიდვა.

სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის მხარდაჭერილი იქნება სასკოლო მზაობის ჯგუფების ფუნქციონირება როგორც საბავშვო ბაღების, ისე სკოლების  ბაზაზე. 

ამასთან, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ზოგადი განათლების სისტემის ორიენტირი იქნება მოსწავლეების მომავალი ცხოვრებისა და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის მომზადება. ამ მიზნით სასწავლო პროცესში დაინერგება ისეთი მეთოდოლოგიები და სტრატეგიები, რომელიც უზრუნველყოფს სააზროვნო, შემოქმედებითი, ტექნოლოგიური და შრომითი უნარების განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ განათლებაში.

“რეფორმის წარმატების მთავარი ქვაკუთხედი არის პედაგოგი. შესაბამისად, ხელისუფლება იზრუნებს პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე და მათ ღირსეულ ანაზღაურებაზე. ყოველწლიურად მოხდება მათი კვალიფიკაციის შესაბამისად, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა. სახელმწიფო უზრუნველყოფს მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდაჭერას. უზრუნველყოფილი იქნება პედაგოგთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და პროფესიული ცოდნის ამაღლება, სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით გაძლიერება.

დაინერგება  არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმები. პირები, რომელთაც აქვთ სამუშაო გამოცდილება, ცოდნა და უნარები, მაგრამ არ აქვთ სერთიფიკატი/დიპლომი, კვალიფიკაციის აღიარების საჭიროების წინაშე დგანან. შესაბამისად არაფორმალური განათლების აღიარებით ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორია დაინტერესებული, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა  ქვეყანაში კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე მოთხოვნა იზრდება და ასევე, ჩნდება ლეგალური, ღირსეული დასაქმების პერსპექტივები საზღვარგარეთ”, – ვკითხულობთ მთავრობის სამოქმედო გეგმაში.

დოკუმენტის მიხედვით, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი იქნება ქართულ და უცხოურ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, მათ შორის საერთაშორისო აკრედიტაციების მოპოვება და უცხოეთში აკრედიტებული პროგრამების აღიარების მექანიზმების განვითარება. პრიორიტეტი მიენიჭება დასაქმებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამოყალიბებას და კვლევების ინტეგრაციას სწავლებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას 36 გვერდიანი სამთავრობო პროგრამა, რომელიც 2019-2020 წლების მთავრობის სამოქმედო გეგმაა, პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. პროგრამის სამი მთავარი, ძირითადი მიმართულება – უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება და განათლებაა.

მსგავსი თემები