რამაზ დევაძის შეწყალებაზე თავად დაზარალებულიც თანახმა იყო

ხმაურიანი შეწყალებების თემაზე გამოძიება დაიწყო, თუმცა, როგორც „მედიაცენტრ მთავრმა“ გაარკვია, მოკლული პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის  მეუღლე, რომელიც საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი, თანახმა იყო რამაზ დევაძე შეეწყალებინათ. აღნიშნული ინფორმაცია „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე დევაძის ადვოკატმა – ირაკლი გაბრიჭიძემაც დაადასტურა.   

„დიახ, გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ მეუღლემ თანხმობა გამოხატა რამაზ დევაძის შეწყალებასთან დაკავშირებით. მისი ნოტარიულად დამტკიცებული წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებობს. როგორც ჩანს, მეუღლე დარწმუნდა, რომ ეს არ იყო განზრახ მკვლელობა და ეს იყო შემთხვევითობა, რასაც ვიდეომასალაც ადასტურებს“ – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.   


მისივე განცხადებით, შეწყალება კეთილსინდისიერად განხორციელდა.

“როგორ შეიძლება, მკვლელი ეწოდოს იმ ადამიანს, რომელიც სასამართლოს მსხვერპლია. სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა და დადგა ის განაჩენი, რომელითაც რამაზ დევაძე მკვლელობისთვის იქნა დამნაშავე. ერთი მხრივ ვამბობთ, რომ მართლმსაჯულებაში პრობლემებია და სასამართლო ხელისუფლება არ გვივარგა და მეორე მხრივ, ვამბობთ, რომ ამ სასამართლოს მიერ განწირული ადამიანის შეწყალება არ უნდა მომხდარიყო? ყველა მტკიცებულება წარდგენილი გვქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ვფიქრობ, რომ შეწყალება განხორციელდა კეთილსინდისიერად. დაზარალებულის პოზიციაც იქნა გათვალისწინებული, დაზარალებულს პრეტენზია არ ჰქონია”, – განაცხადა ადვოკატმა “მედიაცენტრ მთავარში.”

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის გასამართლებული მსოფლიო ჩემპიონი, მოჭიდავე რამაზ დევაძე საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს შეიწყალა.  სასამართლომ რამაზ დევაძეს 12 წელი მიუსაჯა. მან საპატიმროში 4 წელი და 8 თვე გაატარა.  



მსგავსი თემები