“თუ შესაძლებლობა მექნება, ვნახავ” – არჩილ თალაკვაძე ფილმზე – “და ჩვენ ვიცეკვეთ”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ თუ საშუალება ექნება, ფილმს, რომელმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში ვნებათაღელვა მოყვა – “და ჩვენ ვიცეკვეთ” ნახავს. 

“არ მინახავს ეს ფილმი, თუ შესაძლებლობა მექნება ვნახავ და მის განხილვასაც გეტყვით”, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

რაც შეეხება ფილმზე თალაკვაძის პოზიციას, ის ამბობს, რომ ხელოვნებაში ყველა თავის თავს გამოხატავს ისე, როგორც საჭიროდ თვლის.

„რაც შეეხება ფილმზე ჩემს პოზიციას, შემიძლია, გითხრათ ის, რომ ხელოვნებაში ყველა თავის თავს გამოხატავს ისე, როგორც საჭიროდ თვლის. ეს უფლებაც ისევე, როგორც რაღაც არ მოგწონდეს და რაღაც გააპროტესტო მშვიდობიანად, ეს უფლებაც არის გარანტირებული. ეს უფლება თავის მოქალქეებს მისცა საზოგადოებამ და ხალხმა, ვინც მიიღო კონსტიტუცია. ამიტომ ეს უფლება იქნება განუხრელად დაცული. სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ არ მოხდეს ფიზიკური დაპირისპირება და ყველას თავისი უფლების რეალიზაციის შანსი და შესაძლებლობა ჰქონდეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ფილმის ჩვენების დროს ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგი იქნება უზრუნველყოფილი და თუ ვინმე კანონს დაარღვევს რეაგირება მოჰყვება.

“გამოსვლები და აქციები ცოტა არ უნახავს ამ ქვეყანას. ამ ბოლო 7-8 წლის განმავლობაშიც იყო არაერთი მანიფესტაცია. სახელმწიფო უზრუნველყოფს საზოგადოებრივ წესრიგს. სახელმწიფოს ვალდებულებაა, მზად იყოს ნებისმიერი სცენარისთვის. დამაჯერებლად შემიძლია ვთქვა, რომ საზოგადოებრივი წესრიგი დაცული იქნება და თუ ვინმე კანონს დაარღვევს ამაზე იქნება რეაგირება”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები