“არავის აქვს უფლება, მშობელი დაავალდებულოს, მონაწილეობა მიიღოს სკოლაში ფულის აგროვებაში” – მეგი კავთუაშვილი

სკოლებში ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობლები საკლასო ოთახების მოწესრიგების მიზნით, ფულს აგროვებენ. ბევრი ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს, ნაწილი კი, ფიქრობს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების მოვლა-პატრონობა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს.

ორგანიზაცია “მშობლები შვილებისთვის” მეგი კავთუაშვილი აცხადებს, რომ არავის აქვს უფლება მშობლები დაავალდებულოს საყოველთაო ფულის აგროვებაში, რომელიც არც სკოლის საბანკო ანგარიშზე აღირიცხება და არც შემოსავლებში.

ამასთან, მეგი კავთუაშვილი პრობლემის მოგვარების 2 გზას გვთავაზობთ.

“არსებობენ მოსწავლეთა მშობლები, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზით არ სურთ, ან არ შეუძლიათ სკოლისთვის იყიდონ ფარდები, წებო-ცემენტი, თავისი ხელით შეღებონ სკოლის კედლები, დახეხონ საკლასო ოთახები, მერხები, სკამები და ა.შ. ეს მშობლები და მათ შორის, მეც, ვთვლით, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სკოლის შენობების თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებთან გათანაბრება, მისი მოვლა-პატრონობა, დასუფთავება-დალაგება.

თუ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსება არ ყოფნის სკოლისთვის ფარდებისა თუ სხვა წვრილმანების ყიდვას, მაშინ უნდა თქვას, რომ მშობლების დახმარება სჭირდება და ერთად ვიმსჯელოთ, 5-5 ლარი შევაგროვოთ, ზოგადი განათლების დაფინანსება გადავანაწილოთ სხვანაირად, თუ საერთაშორისო დონორებს ვთხოვოთ სკოლების დალაგებაში დახმარება.

არავის, დედამიწის ზურგზე არ აქვს უფლება, მშობლები დაავალდებულოს და დაამუნათოს, რომ მიიღოს მონაწილეობა საყოველთაო ფულის აგროვებაში, რომელიც ხდება ხელზე და არ აღირიცხება სკოლის საბანკო ანგარიშებსა და შემოსავლებში.

არც სხვა მშობლებს! არც მასწავლებელს! არც დირექტორს!

თუ ისინი(ხალისით) არ დებენ 5-5 ლარს, ეს არ ნიშნავს, რომ ეს მშობლები უყურადღებოები არიან, არ უყვართ თავიანთი შვილები, ან არ აღელვებთ ფარდებიან ოთახში იჯდება მისი შვილი თუ უფარდებოში. ეს ნიშნავს, რომ ისინი მასშტაბურად უყურებენ პრობლემას. არ აპირებენ სხვის მაგივრად პასუხისმგებლობის აღებასა და არ სურთ თანხების არალეგალურ ბრუნვაში გარიონ ხელი.

ვიცი, ყველა დირექტორი იტყვის, რომ მის სკოლაში მშობლებს არავინ არაფერს აძალებს. ვიცი, რამდენი შრომა უწევთ მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყების წინ, კლასი რომ ოდნავ მოწესრიგებული დაახვედროს მოსწავლეებს. ვიცი, რომ დამლაგებელს ახლა გაუზარდეს ხელფასი, მაგრამ მაინც უმცირესია და ვერ აუდიან სკოლის უზარმაზარი შენობების დალაგებას. ამიტომ, ძირითადად, შემოიფარგლებიან დერეფნებით, სველი წერტილებითა და საკლასო ოთახებამდე შეღწევის დრო და ენერგია აღარ არსებობს. ვიცი, ყოველთვის გამოჩნდება მშობელი, რომელიც იტყვის, რომ სკოლა არაფერ შუაშია, მშობლებს სურთ ფულის შეგროვება შვილების კეთილდღეობისთვის.

რადგან პრობლემა რეალურად დგას და რადგან ასე გვაწუხებს მშობლებს საჯარო სკოლის შენობის მოწყობისა და დასუფთავების საკითხები, არსებობს პრობლემის მოგვარების ორი ლეგალური გზა.

1.ზოგადი განათლების შესახებ კანონში არსებობს ასეთი მუხლი 51, რომელიც გულისხმობს – საჯარო სკოლას უფლება აქვს მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ფინანსური სახსრები. მათ შორის, შემოწირულობები, რომლებიც მოხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. შემოწირულობის მსურველ მშობლებს შეუძლიათ შექმნან დამოუკიდებელი ფონდი, რომლის საშუალებითაც დაეხმარებიან სკოლას პრობლემების გადაწყვეტაში. ფონდში თანხის ჩარიცხვას შეძლებს ყველა დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირი, მათ შორის მშობელი, დონორი ორგანიზაცია თუ თვითმმართველობის ორგანო, რომელშიც მშობლები დააყენებენ პრობლემასა და მოითხოვენ მათი შვილების პრობლემების გადაწყვეტას. ფონდი იქნება დამოუკიდებელი ორგანიზაცია და ყველა გადარიცხვა აისახება სკოლის ბიუჯეტში. ეს იქნება მშობლების მხრიდან ყველაზე სწორი და მართებული ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს სკოლის გაძლიერებას. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ფონდს შექმნიან ის მშობლები, ვისაც ამის სურვილი და შესაძლებლობა აქვს და ის არ იქნება საყოველთაო.

2.მშობლებმა ერთად, ღიად და პრინციპულად მოსთხოვონ სამინისტროს შესაბამის სამსახურებსა და თვითმმართველობის ორგანოებს სკოლების მოწყობა, მოვლა-პატრონობა.

ეს ვითომ გულის ტკივილები და 5-5 ლარის აგროვება, არის უკანონობა და თუ ვინმეს პირით შემოგითვლიან, რომ ფული გროვდება, მშვიდად უთხარით, რომ სხვა დროს არ შეგაწუხონ ამ საკითხზე, რადგან ეს არ არის პრობლემის მოგვარების ლეგალური გზა და ამით დიდი არაფერი იცვლება თქვენი შვილებისთვის. არ აღელდეთ და მშვიდად, მაგრამ ძალიან პრინციპულად დაიცავით თქვენი პოზიცია. ცამდე მართალი ხართ, უმცირესობაში მყოფო მშობლებო,” – წერს მეგი კავთუაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

One Thought to ““არავის აქვს უფლება, მშობელი დაავალდებულოს, მონაწილეობა მიიღოს სკოლაში ფულის აგროვებაში” – მეგი კავთუაშვილი”

  1. ანონიმური

    ეს ყველაფერი პირველ რიგში უნდა ასწავლოთ სკოლების ადმინისტრაციებს და პედაგოგებს , უნდა ჩავუდოთ იმ ტვინში რომ მაგ ყველაფრის თანხას ისედაც აძლევს სახელმწიფო ბიუჯეტი, უბრალოდ კი არ უნდა შეჭამონ, არამედ გამოიყენონ დანიშნულებისამებრ!!!