პროფსასწავლებლის კურსდამთავრებული ახალგაზრდა მეორე დღესვე დასაქმდება – მამუკა ბახტაძე

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობისთვის კარგად არის ცნობილი, ეროვნულ ეკონომიკაში თითოეულ პროფესიაზე როგორია მოთხოვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროფსასწავლებლის კურსდამთავრებული ყველა ახალგაზრდა მეორე დღესვე უზრუნველყოფილი იქნება სამსახურით.

​როგორც მამუკა ბახტაძემ “ფეისბუქლაივში” განაცხადა, პროფესიული სასწავლებლები განათლების რეფორმის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და თანამედროვე პროფესიული სასწავლებელი ყველა რეგიონში გაიხსნება. 

“პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებული მყისიერად რომ დასაქმდება, ამის გარანტია არის ხარისხი და ის, რომ პროფილური სასწავლებლები კერძო სექტორის ჩართულობით დაარსდება. გარდა ამისა, ჩვენ უკვე ვიცით, რა მოთხოვნა გვაქვს თითოეულ პროფესიაზე ეროვნულ ეკონომიკაში და რა მოთხოვნა გვექნება უახლოეს მომავალში. შესაბამისად, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ნებისმიერი ახალგაზრდა, რომელიც დაამთავრებს მსგავს პროფესიულ სასწავლებელს, მეორე დღესვე უზრუნველყოფილი იქნება სამსახურით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

რაც შეეხება სასწავლებლების მიერ გაცემული დიპლომების ხარისხს, პრემიერის თქმით, ამ მიმართულებით არსებული გარანტიებიც მყარი და მკაფიო იქნება. საქართველოს პროფესიული სასწავლებლების მიერ გაცემული დიპლომი თუ სერთიფიკატი აღიარებული უნდა იყოს ევროზონაში, რათა თუ მოქალაქე საჭიროდ ჩათვლის, იმუშაოს ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში, ეს მან უპრობლემოდ უნდა შეძლოს.

“რამდენიმე წარმატებული პროფესიული სასწავლებელი გვაქვს და მათი კურსდამთავრებული ყველა ახალგაზრდა ფაქტობრივად მყისიერად უზრუნველყოფილია სამსახურით”, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე შეფასებით, საქართველოში, სამწუხაროდ, პროფესიული სასწავლებლების შესახებ არასწორი სტერეოტიპი ჩამოყალიბდა, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით უნდა დაინგრეს. 

“ხშირად ვამბობთ, როგორ არის დასავლეთ ევროპული ქვეყნების ეკონომიკა ასეთი წარმატებული და მდგრადი გარე შოკების მიმართ. ეს ფორმულა გულისხმობს პროფესიული განათლების ძალიან მნიშვნელოვან ზრდას მათ ეკონომიკაში. ჩვენ, რეფორმაზე მუშაობისას შევისწავლეთ გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის პრაქტიკა. სწორედ ეს სამი სახელმწიფო ითვლება ამ კუთხით სამაგალითო ქვეყნებად და მათი ეკონომიკის წარმატებაც დიდწილად დაკავშირებულია სწორედ ძლიერ პროფესიულ სასწავლებლებთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან დიდ აქცენტს გავაკეთებთ პროფესიულ სასწავლებლებზე და ყველა რეგიონში იქნება მაღალი ხარისხის პროფესიული სასწავლებლები”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები