პროკურატურა იულია სუსლიაკისთვის პატიმრობის გაგრძელებას ითხოვს

დღეს, 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის სასამართლო პროცესი გაიმართება. სასამართლოში თავად ბრალდებულ იულია სუსლიაკსაც მიიყვანენ.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სუსლიაკების ოჯახის ინტერესების დამცველმა ზურაბ თოდუამ აცნობა, პროკურატურა გამოძიების და პატიმრობის ვადის გახანგრძლივებას ითხოვს.

„ბრალდებამ გამოძიების ვადა გაიგრძელა, აღკვეთის ღონისძიების გაგრძელებაზე პროცესი არის სამშაბათს, სადაც პროკურატურა პატიმრობის ვადის გაგრძელებას მოითხოვს. გამოძიების ვადა 20 ივნისს იწურებოდა, თუმცა, გაგრძელდა. რაც შეეხება იულია სუსლიაკისთვის პატიმრობის ვადის გახანგრძლივებას, პროკურატურა კიდევ 5 თვიან პატიმრობას ითხოვს“, – განუცხადა ზურაბ თოდუამ „მედიაცენტრ მთავარს“.

შეგახსენებთ, რომ იულია სუსლიაკი მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინელი ქალბატონი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. შსს-მ სს საქმე 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რომელიც არასრულწლოვნებით ვაჭრობას გულისხმობს და 14-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

იულია სუსლიაკის ათივე შვილი კი ქართულმა მხარემ, უკრაინიდან ჩამოსულ დელეგაციას გადასცა.





მსგავსი თემები