“პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი „ევროპული საქართველოს“ წევრი უნდა იყოს” – გიგა ბოკერია

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი „ევროპული საქართველოს“ წევრი უნდა იყოს.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს ძლიერი გუნდის ლიდერი და ჰქონდეს ხედვა, როგორ გამოიყვანს ქვეყანას ძალიან მძიმე მდგომარეობიდან.

„პრემიერ-მინისტრს უნდა ჰქონდეს ხედვა ეკონომიკაში, როგორ დაწევს გადასახადებს, როგორ გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრებასა და წნეხს, განსაკუთრებით ამ გამოწვევის დროს, როგორ გადატეხავს სასამართლოში იმ მემკვიდრეობას, რომელიც ჩვენ ვერ მოვიშორეთ, როგორ წაიყვანს ქვეყანას თავისუფალი სამყაროსკენ. მოკლედ, ახლა რომ დაგიხასიათოთ, როგორი უნდა იყოს, „ევროპული საქართველოს“ წევრი უნდა იყოს, გესმით ხომ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერია აღნიშნავს, რომ „ევროპული საქართველოს“ და მათი პარტნიორების – „თავისუფალი დემოკრატების“ ამოცანაა, კოალიციაში სიმძიმის ცენტრი თავად იყვნენ.

„რაც შეეხება კანდიდატურებს და სახელებს – ყველა ცალკეულ პოლიტიკურ დაჯგუფებას ეყოლება თავისი ფავორიტები, მათ შორის კოალიციური მოლაპარაკება წარიმართება იმის მიხედვით, ვინ რა შედეგს მიიღებს და ვის რა წონა ექნება.

ამ ეტაპზე ლოგიკურია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ცალ-ცალკე გადიან არჩევნებზე, თავისი ხედვა უთხრან იმაზე, თუ რა პერსონებს უკავშირებენ ამა თუ იმ მიმართულებას ან მთლიანად ჩრდილოვანი კაბინეტი ჰქონდეთ. მაგრამ საბოლოო ჯამში ეს კომპოზიცია შედგება იმის მიხედვით, ვინ რა წონას მოიპოვებს. „ევროპულ საქართველოს“, ჩვენ პარტნიორებს, „თავისუფალ დემოკრატებს“, ჩვენ გვაქვს ამოცანა, რომ ამ კოალიციაში სიმძიმის ცენტრი ვიყოთ ჩვენ. ისევე როგორც სხვებს აქვთ ამოცანა, ისინი იყვნენ სიმძიმის ცენტრი“,- განაცხადა ბოკერიამ.

მსგავსი თემები