პრემიერმა სამართალდამცველებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა

“იმ სისტემურმა პრობლემებმა, რომელიც ჩვენს წარსულში არსებობდა, განსაკუთრებით სამართალდამცავი სისტემის ფარგლებში, როდესაც ადამიანები, რომლებსაც ევალებოდათ დანაშაულთან ბრძოლა, თავად ჩადიოდნენ დანაშაულს და შემდგომ სისტემური ხასიათი ჰქონდა ასეთი ხალხის დაუსჯელობას, ჩვენ გაგვხადა იძულებული, რომ 2014 წელს მთავრობას აეღო ვალდებულება დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნის თაობაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან სამართალდამცველი სტრუქტურების თანამშრომლობა იქნება საფუძველი, რომ მოქალაქეებს კიდევ მეტი ნდობა გაუჩნდეთ პოლიციის და ყველა სხვა სამართალდამცავი სისტემის წინაშე.

„კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ დღეს აღვნიშნოთ, გახლავთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც დღეს იწყებს ახალი ფუნქციის განხორციელებას – ეს გახლავთ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი.

მოგეხსენებათ, რომ ბევრ განვითარებულ ევროპულ ქვეყანას მსგავსი მექანიზმი საერთოდ არ აქვს. მაგრამ იმ სისტემურმა პრობლემებმა, რომლებიც ჩვენს წარსულში არსებობდა, განსაკუთრებით სამართალდამცავი სისტემის ფარგლებში, როდესაც ადამიანები, რომლებსაც ევალებოდათ დანაშაულთან ბრძოლა, თავად სჩადიოდნენ დანაშაულს და შემდგომ სისტემური ხასიათი ჰქონდა ასეთი ხალხის დაუსჯელობას, ჩვენ გაგვხადა იძულებული, 2014 წელს მთავრობას აეღო ვალდებულება დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნის თაობაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გვქონდა, რამეთუ სისტემა სრულად შეცვლილია და ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით.

მინდა ვთხოვო კოლეგებს, სამართალდამცავი სიტემის წარმომადგენლებს, რომ სრულად ვითანამშრომლოთ ამ სტრუქტურასთან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა იქნება საფუძველი იმისა, რომ ჩვენს მოქალაქეებს კიდევ მეტი ნდობა გაუჩნდეთ პოლიციისა და ყველა სხვა სამართალდამცავი სისტემის წინაშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები