პრეზიდენტმა მშვიდობიანად გადაიბარა უფლებამოსილება – ახალი მოვლენა ქართულ პოლიტიკაში

​​პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე, ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას, რომელიც 16 დეკემბერს, კახეთის რეგიონში, ქალაქ თელავში გაიმართა, შთამბეჭდავს უწოდებს და აცხადებს, რომ ერთი პრეზიდენტის მიერ, მეორისთვის ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება ახალი მოვლენაა ქართულ პოლიტიკაში.

​როგორც სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, საჭიროა, საქართველოში დაიხვეწოს პოლიტიკური კულტურა, რის შესახებაც თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც ისაუბრა.

იგი დადებითად აფასებს თავად ახალი პრეზიდენტის გამოსვლას და აცხადებს, რომ ახალმა პრეზიდენტმა აბსოლუტურად სწორად შეაფასა ქვეყანაში არსებული ვითარება და აქცენტები სწორად დასვა – პოლიტიკური კულტურა უნდა დაიხვეწოს.

“სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ურთიერთგაგება, თანამშრომლობა, დამშვიდება გვჭირდება და ამ დამშვიდებით უნდა შევძლოთ ჩვენი ადგილის პოვნა ევროპაში. უმთავრეს პრიორიტეტად გამოყო კულტურა და ჩემი აზრით, სწორადაც. პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა იზრუნოს, საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციაზე, რაც არის ჩვენი იდენტობის გამომხატველი მთელს მსოფლიოში. მან იქვე დაამატა, რომ განათლებით მოდის ეს ყველაფერი და პედაგოგებს თანადგომა აღუთქვა. ბევრი იყო ნათქვამი მის გამოსვლაში, პრაქტიკულად ყველა სფეროს შეეხო. ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობაა და გულისტკივილით აღნიშნა, რომ აფხაზური ენა და მათ იდენტობა დიდი საფრთხის წინაშეა. ყოველდღიურ საქმიანობაში ეს მისი სამოქმედო პროგრამაც იქნება და ჩემი აზრით, სწორად დასვა აქცენტები”, – აცხადებს სიმონ ნოზაძე.

დეპუტატი დადებითად აფასებს იმ ფაქტსაც, რომ ახალ პრეზიდენტმა არ დაივიწყა თავისი წინამორბედები და  ყველა მათგანზე ლაკონურად ისაუბრა. “ამგვარი ურთიერთობის ტრადიცია უნდა გაგრძელდეს ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის”, – აცხადებს დეპუტატი.

მსგავსი თემები