პრეზიდენტის არჩევნების II ტური იმართება, უბნები 08:00 საათზე გაიხსნა

დღეს, 28 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. საარჩევნო უბანზე მისვლისას ამომრჩევლებმა თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამომრჩევლები საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის და სადაც, კენჭისყრაში უკვე მონაწილეობდნენ.

ნებისმიერ ამომრჩეველს, რომელსაც სურს დააზუსტოს მისი საარჩევნო უბნის მისამართი, შეუძლია ისარგებლოს ცესკოს ვებ-გვერდით, სადაც ონლაინ შეძლებს დამატებითი ინფორმაციის მიღებას. ანალოგიურ ინფორმაციას ამომრჩეველი, ასევე, ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრშიც მიიღებს, რომელიც დღეს უწყვეტად იმუშავებს. სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერია – 2 51 00 51; მუშაობს ონლაინ ჩათიც.

როგორც ცესკო-ში აცხადებენ, “ყველა, 3 703 საარჩევნო უბანი დროულად, 08:00 საათიდან გაიხსნა ამომრჩევლებისთვის და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. 55 უბანი გახსნილია საზღვარგარეთ, სადაც ხმის მიცემის პროცედურა 24:00 საათამდე გაგრძელდება. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად. ხმის მიცემა ფარულია. დაუშვებელია ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ნებისმიერი სახის კონტროლი. ამას გარდა, დაუშვებელია საარჩევნო კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღება.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში ორი კანდიდატი იყრის კენჭს: №5 გრიგოლ ვაშაძე და №48 სალომე ზურაბიშვილი.

საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც მან უნდა შემოხაზოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი, გადახაზულია ყველა კანდიდატი ან არც ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი არ არის შემოხაზული, ასეთი ბიულეტენი გაბათილდება და არ ჩაითვლება ნამდვილ ხმებში.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 000-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 2 300-მდე ჟურნალისტი.

ცესკო-ში განმარტავენ, რომ ერთსა და იმავე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას უფლება აქვს უბანზე ერთდროულად ჰყავდეს მხოლოდ ერთი დამკვირვებელი, საერთაშორისო ორგანიზაციებს 3 დამკვირვებელი, მედია ორგანიზაციებს წარმომადგენელი, ხოლო საარჩევნო სუბიექტებს – 1 წარმომადგენელი.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, საღამოს 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

“დღეს, მთელი დღის მანძილზე, საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად მოგაწოდებთ ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობის შესახებ. ცესკოს მედია ცენტრში გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები. ჩვენ ასევე მოგაწვდით ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ”, – აცხადებენ ცესკო-ში.

არჩევნების დღე გამოცხადდა უქმედ, ცესკო მოუწოდებს მოსახლეობას იაქტიურონ და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. რადგან თითოეული ამომრჩევლის აქტიურობა მნიშვნელოვანია. ასევე, მოუწოდებენ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მაქსიმალურად შეუწყონ ხელი არჩევნების მშვიდ, ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩატარებას, რაც ამომრჩევლებს მისცემს შესაძლებლობას თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება.

მსგავსი თემები