პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია ორ ეტაპად განხორციელდება

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის პირველი ეტაპი 15 იანვრიდან, მეორე კი, 15 თებერვლიდან დაიწყება. გათავისუფლებული თანამშრომლები კომპენსაციის სახით, 3 თვის ხელფასს მიიღებენ.

“საქართველოს ბიუჯეტის შესახებ” კანონით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 60 საშტატო ერთეული განისაზღვრა.

როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, 17 დეკემბრიდან ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუცია, რამაც განსაზღვრა საქართველოს პრეზიდენტის ახალი უფლება-მოვალეობები. იქიდან გამომდინარე, რომ პირველი იანვრიდან, სწორედ, ასეთი საშტატო ერთეულია გათვალისწინებული ბიუჯეტში, 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაცხადა რეორგანიზაცია.

მისივე ინფორმაციით, 15 იანვარს დასრულდება პოლიტიკის შემუშავება, განისაზღვრება საკვალიფიკაციო მოთხოვნები ამ საშტატო ერთეულისთვის.

“მოგეხსენებათ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის აღნიშნული საშტატო ერთეული არ არის დიდი მასშტაბის, აქედან გამომდინარე, ის აუცილებლად უნდა იყოს ძალიან მოქნილი და ეფექტიანი, ისე რომ, საქართველოს პრეზიდენტმა შეძლოს მაქსიმალურად ეფექტიანად განახორციელოს თავისი უფლებამოსილებები. ყველა ის კადრი, რომელიც დღეს მუშაობს, მაგრამ, ვერ დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, საჯარო ბიუროს განკარგულებაში გადავა. საჯარო ბიურო, მთელი საქართველოს მასშტაბით, ბუნებრივია, საჯარო სამსახურში, შეეცდება თითოეული მათგანისთვის შესაბამისი პოზიცია შეარჩიოს. იმ შემთხვევაში თუ შეთავაზებული პირობები არ იქნება მისაღები, ისინი მიიღებენ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს კომპენსაციას“, – განმარტავს ხატია მოისწრაფიშვილი.

მსგავსი თემები