პოლიციელებისთვის ბინები ხუთ ქალაქში აშენდება და ხელფასები გაიზრდება

შსს-ში დასაქმებულებისთვის საცხოვრებელი ბინები საქართველოს ხუთ ქალაქში აშენდება. 13 200 პოლიციელის ხელფასი კი 250 ლარით გაიზრდება. ეს ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელზეც შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში მოსმენაზე ისაუბრა.

როგორც გახარიამ განაცხადა, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი პოლიციელთა სოციალური კომპონენტის გაძლიერებაა.

„ვიწყებთ ბინათმშენებლობის ახალ პროგრამას, რომელიც მოიცავს თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, ზუგდიდს და რუსთავს. ეს იქნება ის კომპონენტი, რომელიც სოციალურ გარანტიებს გაზრდის თითოეული პოლიციელისთვის და მისცემს მათ საშუალებას თავიანთი ცხოვრების გრძელვადიანი დაგეგმარებისთვის,“ – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, მომავალი თვიდან პოლიციელებს ხელფასები გაეზრდებათ.

„1-ელი ივლისიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი 250 ლარით გაეზრდება. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც ჩვენ შევძელით და გავაკეთეთ.  ყველა ის ნაბიჯი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, დიდწილად არის იმ საბიუჯეტო ეკონომიების ხარჯზე გაკეთებული, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ამ 6-7 თვის განმავლობაში. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ადმინისტრაციულ ნაწილში შსს-ში იყო ძალიან სერიოზული გადახრა ადმინისტრაციულ ფუნქციებზე დანახარჯების კონტექსტში. ჩვენ, როგორც ფაქტი, შევამცირეთ 500-ზე ცოტა მეტი ადმინისტრაციული პოზიცია, რამაც მოგვცა საშუალება გაგვეზარდა ხელფასები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები