პოლიტიკურ პარტიებს შესაძლოა არაწინასაარჩევნო პერიოდშიც დაეთმოთ ტელე – ეთერი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების  შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს, რომლის ინიციატორი პარლამენტის წევრი ირმა ინაშვილია.

ინაშვილის აზრით, პოლიტიკურ პარტიებს არაწინასაარჩევნო პერიოდშიც უნდა მიეცეთ  საშუალება მათი იდეების, წამოწყებებისა და საქმიანობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციის დაუბრკოლებლად მიაწოდონ და ამ მიზნით მაუწყებლისგან შესაბამისი მომსახურება შეისყიდონ.

მისივე თქმით, ამ ცვლილების განხორციელება მნიშვნელოვანია და დემოკრატიული პროცესის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. ცვლილება ბიუჯეტს არ აზარალებს, რამდენადაც თვითონ პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსდება რეკლამები.

“ეს ყველაფერი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას და ბევრ ქვეყანაში არსებობს მსგავსი გამოცდილება“, – აცხადებს ინაშვილი.

კანონპროექტთან დაკავშირებით გამოითქვა მოსაზრებები და დაისვა კითხვები.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით:„უნდა დადგინდეს ფარგლებიდა სტანდარტები, რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს ამ გადაწყვეტილების აღსრულება. პროცესი უნდა იყოს ეთიკური და დემოკრატიული და მართლაც ემსახურებოდეს თავისუფალი არჩევანის გაკეთებისშესაძლებლობას“.

კომიტეტის წევრებმა შეთავაზებულ პროექტს მხარი დაუჭირეს, თუმცა, განაცხადეს, რომ  არსებობს საკითხები, რომლებიც დამატებით კონსულტაციებს საჭიროებს.

მსგავსი თემები