“პოლარიზება, რაც დღესაა, ამაზე მეტი არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, ომს ხომ არ გამოვუცხადებთ ერთმანეთს” – კახა კალაძე

პოლარიზება, რაც დღესაა, ამაზე მეტი არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, ომს ხომ არ გამოვუცხადებთ ერთმანეთს,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძემ უპასუხა მედიის კითხვას, რომლის თანახმადაც, „ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის წევრებს გოიმები უწოდა და მსგავსი განცხადებები ხომ არ უწყობს ხელს პოლიტიკურ პარტიებს შორის პოლარიზებას“.

დედაქალაქის მერის თქმით, შექმნილ რთულ სიტუაციაში ახსოვთ ოპოზიციის მხრიდან აბსურდული განცხადებები, ძირითადად ფრონტის წინა ხაზზე მყოფი ადამიანების მისამართით.

კალაძე ყველას მოუწოდებს, მაქსიმალურად კორექტული იყვნენ.

„ზოგადად, მე მოვესალმები იმას, რომ რაღაც გარკვეული მიმართულებებით შეიძლება, ბევრ რაღაცაში არ გვქონდეს თანხმობა, გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები, თუმცა ასევე ოპოზიციის მხრიდან, განსაკუთრებით ამ რთულ ვითარებაში ჩვენ ვისმენდით აბსურდულ განცხადებებს. ძირითადად მიდიოდა შეტევა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ფრონტის წინა ხაზზე იყო, იცავდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, გვახსოვს მათი განცხადებები. შესაბამისად,  ახლა გამიჭირდება, ჭკუა დავარიგო ოპოზიციას, თუმცა მინდა, ყველას მოვუწოდო, მაქსიმალურად კორექტულები ვიყოთ“,- აღნიშნა კალაძემ.

მსგავსი თემები