პირველი რეგიონული ნაგავსაყრელი ქუთაისთან ახლოს აშენდება

ევროსტანდარტების შესაბამისი პირველი რეგიონული ნაგავსაყრელი ქუთაისთან ახლოს აშენდება. ობიექტი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს მოემსახურება. სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის მარტში დაიწყება.

2023 წლისთვის, ქვეყნის მასშტაბით არსებულ ძველ მუნიციპალურ ნაგავსაყრელებს 8 ახალი რეგიონული ნაგავსაყრელი ჩაანაცვლებს. ამ პროექტების განხორციელებით გაუმჯობესდება რეგიონების საცხოვრებელი პირობები.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ნარჩენების მართვის სფეროში ევროპული მიდგომა პირველ რიგში გულისხმობს ისეთი ნაგავსაყრელების მოწყობას, რომელიც იქნება ძალიან მაღალი გარემოსდაცვითი და ჯანდაცვის სტანდარტების. ის დისკომფორტი, რასაც მოსახლეობა განიცდის ნაგავსაყრელების სიახლოვეს, არ იარსებებს.

“ეს არის ინფრასტრუქტურული მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ნარჩენების მართვის კოდექსის და ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად, ნარჩენების მართვის სისტემა იქნება ეკოლოგიურად სუფთა და უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი“, – აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

მისივე ინფორმაციით, პროექტი ასევე ითვალისწინებს ქუთაისში არსებული ე.წ. ნიკეას ნაგავსაყრელის დახურვას, მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების მოგროვების, ქუჩების დასუფთავების სისტემის გაუმჯობესებას და ნარჩენების გადამტვირთი სადგურების მოწყობას.

პროექტი დაფინანსებულია გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ და ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების ფონდის EU-NIFF გრანტით. პროექტის საერთო ინვესტიცია 26 მილიონი ევროა.

მინისტრის განმარტებით, ნარჩენების მართვის ახალი სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებაში მნიშვნელოვანი როლი და პასუხისმგებლობა ეკისრება მუნიციპალიტეტებს, კერძო კომპანიებსა და მოსახლეობას. მუნიციპალიტეტების პასუხისმგებლობაა ნარჩენების შეგროვების, სეპარირებისა და რეციკლირების განვითარების ხელშეწყობა.

მისივე ინფორმაციით, 2019 წლიდან მუნიციპალიტეტებს აქვს ვალდებულება შემოიღონ ნარჩენების ეფექტიანი სეპარირების სისტემა, რომელიც 2025 წლისთვის სრულად უნდა დაინერგოს. ახალი სისტემის გამართულად მუშაობისთვის, ასევე, მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება მოსახლეობის მიერ ნარჩენების სწორად სეპარირება და განთავსება, კომპანიები და კერძო სექტორი კი ვალდებულნი იქნებიან წარმოებული პროდუქციის შეგროვებისა და რეციკლირების გარემოსთვის უსაფრთხო გზები გამონახონ.

სისტემა სახელწოდებით „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება“ საქართველოში მომავალი 2 წლის განმავლობაში დაინერგება.

მსგავსი თემები