პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირდა – პრემიერის განმარტება

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შემცირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მაგისტრალური გაზსადენის პროექტის დასრულებამ. ასევე, შარშან წლის შუა პერიოდში, ტელეკომუნიკაციების სექტორში მნიშვნელოვანი ტრანზაქცია განხორციელდა, როდესაც ადგილობრივმა რეზიდენტმა უცხოური რეზიდენტისგან წილი იყიდა და მესამე ფაქტორი – არარეზიდენტი ინვესტორების მიმართ ვალდებულება მასშტაბურად დაიფარა, რაც სტატისტიკაში აისახა.

როგორც მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 2018 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 მილიარდ 230 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე ერთი მესამედით ნაკლებია.

„მისასალმებელია, რომ შესაძლებელი გახდა ვალდებულებების გასტუმრება არარეზიდენტების მიმართ, ისევე, როგორც ჩემთვის მისასალმებელი ფაქტი გახლავთ ის, რომ ძალიან მნიშვნელოვან სექტორში, როგორიც გახლავთ ტელეკომუნიკაცია, ჩვენი რეზიდენტი კომპანიები ძალიან აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს. შესაბამისად, ის მოსაზრებები, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, რომ ფუნდამენტურ ფაქტორებს უკავშირდება ინვესტიციების შემცირება, არ შეესაბამება რეალობას. ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საერთო ინვესტიციებში ქვეყანა მიდიოდეს წინ და 20 პროცენტიანი ზრდა ამის ნათელი მაგალითია. ნათელი მაგალითია ის, რომ სწორედ ინვესტიციების მოზიდვა გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი FITCH-ისთვის, როდესაც მან გაზარდა ჩვენი სუვერენული რეიტინგი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა დაფიქსირდა გადამამუშაველი მრეწველობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების, სოფლის მეურნეობის სექტორებში.

„ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი არის სიღარიბის დაძლევა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და სწორედ საერთო ინვესტიციების მოცულობამ, მისმა სწრაფმა ზრდამ უნდა უზრუნველყოს ყოველივე ეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები