“პერიოდულობით რუსეთისგან ლუგარის ლაბორატორიაზე ბრალდებები ისმის, რაც ახალი არ არის” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, რუსეთის მხრიდან გარკვეული პერიოდულობით, პოლიტიკური, თუ სხვა მიზნით, ლუგარის ლაბორატორიის მიმართ ბრალდებები ისმის.

„მორიგი პროვოკაციული განცხადებაა ჩვენი მეზობლისგან, რომელიც ჩვენთვის ახალი არ არის. მოგეხსენებათ, როდესაც მათ ეს სჭირდებათ გარკვეულ პროცესებთან დაკავშირებით, პოლიტიკური, თუ სხვადასხვა მიზნით, პერიოდულობით ლუგარის ლაბორატორიაზე კეთდება ამ ტიპის განცხადებები და არც თუ პირველია ქალბატონი ზახაროვას ასეთი განცხადება. ერთი და იგივე ნარატივია სულ. მთავარი ბრალდებაა, საქართველო რატომ არის აშშ-ის ერთ-ერთი კარგი პარტნიორი და რატომ ეხმარება აშშ საქართველოს.

ეს არის მთავარი არსი ამ განცხადებების. მე არ ვიცი ამაში როგორი შურია, თეთრი, შავი, რუხი, თუ რა, მაგრამ ეს არის ჩვენი ყოფილი, ასე ვთქვათ „უფროსი ძმის“ განცხადება, რომელიც განაწყენებულია, საქართველომ რატომ აირჩია ევროატლანტიკური სივრცისკენ, ევროკავშირისკენ გზა. აი, ამასთან არის დაკავშირებული ეს განცხადებები და ბრალდება ლუგარის ლაბორატორიაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები