პედაგოგის პროფესია ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი გახდება – პრემიერი

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, განათლების სფეროს განვითარების მიმართულებით ახალი ინიციატივა “განათლება – გზა თავისუფლებისკენ” წარადგინა, რომლის მიზანია განათლების სფეროს სრული ტრანსფორმაცია, სკოლამდელ და ზოგად განათლებაში ევროპული დონის მიღწევა, პედაგოგის პროფესიის მნიშვნელობის გაზრდა. 

როგორც პრემიერი აცხადებს, პედაგოგის პროფესია საქართველოში ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი იქნება. განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება მაქსიმუმს 2022 წლისთვის მიაღწევს და ის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ნიშნულზე გავა, რაც ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს. ​

მისივე თქმით, ეს იქნება უზრუნველყოფილი სპეციალური კანონონმდებლობით – „საგანმანათლებლო თანასწორობის აქტით, რომელიც არსებულ თუ ნებისმიერ მომავალ მთავრობებს, მომდევნო ათწლეულების განმავლობაში, დაავალდებულებს ამ ნიშნულის შენარჩუნებას. უფრო მეტიც, სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის მეოთხედის ინვესტირება განათლებაში, კერძო სექტორის მხრიდანაც გამოიწვევს ამ მიმართულებით ინვესტიციების ზრდას, შედეგად,  განათლების სექტორი გახდება ქვეყნის ეკონომიკის დომინანტი სეგმენტი, 10 – 11%-იანი ზრდით. 

მამუკა ბახტაძის განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ფინეთთან, ნორვეგიასთან,  დანიასთან, სინგაპურთან და მსოფლიოს სხვა წამყვან სახელმწიფოებთან ერთად, საქართველო გახდება ქვეყანა, რომლის უმთავრესი პრიორიტეტი განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარებაა.

“ჩვენთან იქნება ყველაზე ხარისხიანი უმაღლესი სასწავლებლები, საქართველოს უნივერსიტეტები მოხვდებიან საერთაშორისო ტოპ-რეიტინგებში და აღარ იქნება საჭირო, ჩვენი შვილები და მომავალი თაობა საზღვარგარეთ გავგზავნოთ ბაკალავრის თუ მაგისტრის ხარისხისთვის. 

“დღეს უნდა ვისაუბრო თემაზე, რომელიც პირადად ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის იმის მთავარი მოტივაცია, თუ რატომ ვარ მე ქართულ პოლიტიკაში. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი დღეს,  დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ყველაზე გამბედავ და მასშტაბურ იდეას – განათლების ეროვნულ კონცეფციას წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო უპრეცედენტო ვალდებულებას აიღებს, რათა   განათლების სფეროს სრული ტრანსფორმაცია მოხდეს და მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და სამაგალითო განათლების ქართული სკოლა დაფუძნდეს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ პრეზენტაციაზე.  

მისივე თქმით, ქართველთა იდენტობის ნაწილია უნიკალური ანბანი და ათასექვსასწლოვანი ორიგინალური ლიტერატურა.

“სულხან-საბა ორბელიანის, 300 წლის წინათ შექმნილი განმარტებითი ლექსიკონი, როცა მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ჯერ არც კი იყო მსგავსი შექმნილი დღესაც მუშაობს! ილია ჭავჭავაძე თავის უმთავრეს ამოცანად ქართველთა შორის წერა -კითხვის გავრცელებას და ევროპული ყაიდის განათლების დანერგვას მიიჩნევდა, იმისათვის, “რომ დავდგეთ ერად სხვა ერთა შორის”, რაც მოწინავე ევროპული სახელმწიფოების ოჯახში გაერთიანებას ნიშნავდა და დღემდე ნიშნავს”, – აცხადებს მამუკა ბახტაძე.

მისივე ინფორმაციით, 2019-2022 წლების განათლების ფართომასშტაბიანი რეფორმა შარშან, იყალთოს აკადემიაში გამართულ პრეზენტაციაზე დაანონსდა.  ეს რეფორმა ხორციელდება ხუთი მიმართულებით: ადრეული და სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება.

“ვიწყებთ რესურსების მობილიზაციას ამ დიდი პროექტის განსახორციელებლად და ეს პროექტი უკვე ამოქმედდა. მაგრამ ახლა, ხარისხოვნად ახალ ეტაპზე გადასვლა გვსურს”, – აცხადებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.

შორენა პაპაშვილი

მსგავსი თემები