პატრონიანი ცხოველების მხრიდან დაკბენის შემთხვევები მეტია, ვიდრე ქუჩის ცხოველების მხრიდან- ცოფის ვურუსის საფრთხე

„იმ ქვეყნების სიაში ვართ, სადაც ცოფი სერიოზული პრობლემა“ – აცხადებს თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი ვახტანგ ლომჯარია და იმ ღონისძიებებზე საუბრობს, რაც ცოფის საპრევენციოდ და ვირუსის თავიდან ასარიდებლად კეთდება.

„ცხოველი, ცოფის აცრიდან 1 წლის განმავლობაში დაცულია. ამიტომ, ცხოველების რევაქცინაცია, ხელმეორედ აცრა აუცილებელია წელიწადში ერთხელ გაკეთდეს. სააგენტო, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, პარკებსა და სკვერებში ბინადარი ცხოველების რევაქცინაციას თავად ახდენს. დღეში დაახლოებით 100 ადამიანი გვირეკავს და ინფორმაციას გვაწვდის მიუსაფარ ცხოველებზე. საუბარია იმაზე, რომ მიუსაფარი ცხოველი იყოს უსაფრთხო“ – აღნიშნა ვახტანგ ლომჯარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, მიუსაფარ ცხოველთა რევაქცინაცია მაისის თვიდან დაიწყო. რაც შეეხება ისეთ ცხოველს, რომელსაც მიმკედლებელი ყავს, როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, მიმკედლებელმა სააგენტოს უნდა მიმართოს: „იმ შემთხვევაში, თუ ცხოველს მიმკედლებელი არ ყავს, პროცესი სისტემატურად არ ხდება. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ჩვენ მასობრივი აცრები. თუ ჩვენ ეზოში გვყავს მიკედლებული ძაღლი ან კატა, მნიშვნელოვანია, მიმკედლებელმა მოგვმართოს, რომ წელიწადში ერთხელ, ცხოველი სრულიად უფასოდ ავცრათ. თუმცა, სრული უფლება აქვს, თავადაც აცრას შინაური ბინადარი“.

ლომჯარია მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს და სთხოვს, როგორც ცხოველის, ისე ადამიანის უსაფრთხოებისთვის, მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით, სააგენტოს ინფორმაცია მიაწოდოს: „თუ ეზოში გვყავს ძაღლი, რომელიც არ ვიცით არის თუ არა აცრილი, აუცილებელია, დაგვიკავშირდნენ“.

რაც შეეხება პატრონიან ცხოველებს, პატრონი თავად არის ვალდებული საკუთარი შინაური ცხოველის აცრაზე იზრუნოს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა სტატისტიკაც დაასახელა და აღნიშნა, რომ პატრონიანი ცხოველის მხრიდან, დაკბენა-დაკაწვრის შემთხვევები უფრო მეტია, ვიდრე მიუსაფარი ცხოველების მხრიდან. ბოლო 10 წის მონაცემებით, 6500 დაკბენა-დაკაწვრის შემთხვევებიდან, 4700 სწორედ პატრონიანი ცხოველი იყო, დანარჩენი კი მიუსაფარი.

„პატრონიანი ცხოველებში აგრესიის მეტი საფრთხეა, ვიდრე მიუსაფარ ცხოველში. სამწუხაროდ, პატრონები ყოველთვის არ ცრიან თავის ცხოველს ცოფზე და თვლიან, რომ მათ შეხება არ აქვთ სხვა ცხოველებთან და საფრთხეც არ ემუქრებათ. ძალიან ბევრი პატრონი კი კეთილსინდისიერად ასრულებს კანონს და ყველა რეგულაციას. როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს. მდგომარეობა არ არის მარტივი. საკმაოდ ბევრი პატრონი თვლი, რომ მის ცხოველს სხვა ცხოველთან შეხება არ აქვს და ცოფიც არ დაემართება. ეს ასე არ არის, აუცილებელია, წელიწადში ერთხელ ავცრათ ჩვენი ოთხფეხა მეგობარი. ეს აუცილებელია ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა ვახტანგ ლომჯარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები