“პატრიარქს, რომ გავყოლოდით, იქნებ ჩვენი ბედი სხვაგვარად წარმართულიყო” – 9 აპრილიდან 30 წლის შემდეგ

ზუსტად 30 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა არმიის ნაწილებმა, დილის 4 საათზე მთავრობის სახლის წინ მომიტინგეები არნახული სისასტიკით დაარბიეს. ოფიციალური მონაცემებით, მანიფესტაციის დაშლის დროს 16 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. მათ შორის 14 ქალი იყო, ერთი მათგანი – ორსული. ბარბაროსულად მოკლულთა შორის ყველაზე ახალგაზრდები 16 წლის გოგონები იყვნენ.

მათი სახელები და გვარები ბევრს დღემდე ახსოვს: აზა ადამია, ნათია ბაშალეიშვილი, ეკა ბეჟანიშვილი, ნატო გიორგაძე, თამუნა დოლიძე, თინა ენუქიძე, ნინო თოიძე, ზაირა კიკვიძე, მანანა ლოლაძე, თამარ მამულიშვილი, ვენერა მეტრეველი, მამუკა ნოზაძე, ნანა სამარგულიანი, შალვა ქვასროლიაშვილი, მარინა ჭყონია-სამარგულიანი, ელისო ჭიპაშვილი, თამარ ჭოველიძე, ნოდარ ჯანგირაშვილი, მზია ჯინჭარაძე, მანანა მელქაძე, გია ქარსელაძე…   

ყველაფერი ასე დაიწყო: აფხაზეთში “ილია ჭავჭავაძის საზოგადოება”, აფხაზეთის ავტონომიის გაუქმებით ანტიიმპერიალისტურ მიტინგებს მართავდა. ერთ-ერთი აქციის შემდეგ სოხუმისკენ მიმავალ ავტობუსს, რომელშიც მომიტინგეები ისხდნენ, თავს დაესხნენ. 1989 წლის 2 აპრილს ამის გამო სოხუმში გრანდიოზული აქცია გაიმართა, რომელშიც ბევრი აფხაზი მონაწილეობდა. “ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ” ქართველებსა და აფხაზებს შორის შეტაკების პროვოცირების თავიდან აცილების მიზნით, წინააღმდეგობის ცენტრი თბილისში გადმოიტანა. 

4 აპრილიდან თბილისში საყოველთაო გაფიცვა დღის 3 საათზე დაიწყო, როცა სამედიცინო ინსტიტუტის ტერიტორიაზე სტუდენტების მიტინგი გაიმართა. იმავე საღამოს, 7 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში კიდევ ერთი მიტინგი მოეწყო. გადაწყდა, აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს სსრ მთავრობისადმი ეროვნული დაუმორჩილებლობა გამოეცხადებინათ, საქართველოში დროებითი მთავრობა შექმნილიყო და ავტონომიური ფორმირებები გაუქმებულიყო. ამის შემდეგ, მომიტინგეთა უმრავლესობა მთავრობის სახლისაკენ გაემართა. შედგა ახალი მიტინგი, რომელიც მეორე დილის 5 საათისათვის დამთავრდა, როცა ახალგაზრდების ერთმა ნაწილმა შიმშილობა გამოაცხადა.

5 აპრილს აფხაზეთის პრობლემატიკამ მომიტინგეთათვის მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ორატორთა გამოსვლებში აქცენტი სსრ კავშირის შემადგენლობიდან საქართველოს გამოსვლის მოთხოვნაზე გაკეთდა. ეროვნული მოძრაობის რადიკალურმა ნაწილმა გამოაცხადა, რომ აფხაზეთის პრობლემა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე მოგვარდებოდა. მომიტინგეებს თანდათან სხვადასხვა საწარმოებისა და სასწავლებლების წარმომადგენლები უერთდებოდნენ. უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა ჯგუფები ჩამოყალიბდა, რომლებიც შენობებში მასწავლებლებსა და სტუდენტებს არ უშვებდნენ და გაფიცვისკენ მოუწოდებდნენ. გამოცხადდა, რომ თუ არ დაკმაყოფილდებოდა მოთხოვნა, საქართველო სსრ კავშირის შემადგენლობიდან გამოსულიყო, საყოველთაო-ეროვნული გაფიცვა და მასობრივი შიმშილობა დაიწყებოდა.

7 აპრილისთვის მთავრობის სახლის წინ უკვე საშუალოდ 10-20 ათასი კაცი იმყოფებოდა. ერთ-ერთმა ლიდერმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს მიმართა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის გამოყენება ეცნოთ.

8 აპრილს, კრემლის ზეგავლენით, საქართველოს რესპუბლიკური აქტივის სხდომაზე მომიტინგეთა დარბევის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. გამოქვეყნდა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს ბრძანებულება, რომლის თანახმადაც მიტინგებისა და დემონსტრაციების აღკვეთის პირობები მკაცრდებოდა. ეს ბრძანებულება უშუალოდ თბილისის მოვლენების შეჩერების მიზნით მიიღეს. ყოველივე ამით კი მიტინგის დარბევის იურიდიული საფუძველი შეიქმნა. დღის მეორე ნახევარში გავრცელდა ხმა, თითქოს შინაგან სამინისტროს სპეციალურ ქვედანაყოფებს მიტინგის დაშლის შესახებ მითითება ჰქონდათ მიცემული. ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევის მიზნით ლიდერების ხელმძღვანელობით მიტინგის ადგილის ირგვლივ მდებარე ქუჩების ავტობუსებითა და სატვირთო მანქანებით ჩაკეტვა დაიწყეს. ლიდერები შეკრებილთ მოუწოდებდნენ, არ წასულიყვნენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამხედრო ნაწილები გამოჩნდებოდნენ. მათ ყურად არ იღეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის – ილია მეორის მოწოდება სასწრაფოდ დაშლის შესახებ.

30 წლის წინანდელ მოვლენებს დეკანოზი დავითი (დათუაშვილი) იხსენებს. მისი შეფასებით,  მომიტინგეებს მაშინ ილია II-ისთვის რომ დაეჯერებინათ და გაჰყოლოდნენ, ქვეყანა ბევრ უბედურებას აიცილებდა თავიდან. პატრიარქის მიმართ ხალხის მოქმედება 9 აპრილს პროტესტი იყო.

მისივე თქმით, პატრიარქი გრძნობს იმას, რაც ჩვეულებრივი ადამიანისათვის მიუწვდომელია. უწმიდესის მოწოდებას არ შეიძლება შეეწინააღმდეგო. როცა ასეთი დიდი სულიერი იერარქი გეუბნება, რომ რაღაც უნდა გააკეთო, უსიტყვოდ უნდა დაემორჩილო.

“ჩვენ ვამბობთ, 9 აპრილის ტრაგედია რომ არ მომხდარიყო, არაფერი შეიცვლებოდაო. და რა შეიცვალა კარგისკენ? არაფერი ხომ?! ასეთი სპონტანურობა გვახასიათებს. ეს არის ჩვენი უარყოფითი თვისება. რომ დაეჯერებინა ხალხს, წავიდოდნენ, სისხლი არ დაიღვრებოდა, მსგავსი არაფერი მოხდებოდა და შესაძლებელია, როგორც ბალტიის ქვეყნები გადავიდნენ ერთი ფორმაციიდან მეორეში ყოველგვარი ზედმეტობების, რევოლუციებისა და საშინელებების, ერთმანეთის კვლის გარეშე, ნელ-ნელა ჩვენთანაც ასევე მომხდარიყო. დაგვეჯერებინა პატრიარქისათვის, გავყოლოდით და იქნებ ჩვენი ბედი სხვაგვარად წარმართულიყო… უფლის ხელში არ არის ყველაფერი?! ღვთის ნებითაა ყოველივე – კარგიც და ცუდიც. როცა მის წინააღმდეგ მიდიხარ, ყოველთვის ელოდე ცუდს…” – აცხადებს დეკანოზი დავითი. 

9 აპრილის, დილისთვის, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარის ნაწილები ბრძანების შესასრულებლად მზად იყვნენ. მომიტინგეთა დაშლა საქართველოს მილიციასაც კი არ ანდეს. მოსკოვიდან თვითმფრინავებით საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარების სპეცდანიშნულების 420 ჯარისკაცი გენერალ ეფიმოვის მეთაურობით გამოგზავნეს. მიტინგის დარბევას ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი იგორ როდიონოვი ხელმძღვანელობდა. დამსჯელმა ნაწილებმა მომიტინგეებს ალყა ყველა მხრიდან შემოარტყეს. შეიარაღებულნი იყვნენ ხელკეტებით, ორლესული მახვილებითა და მომწამვლელი გაზით.

მთავრობის სასახლის წინ ასეული ჯარისკაცი იერიშით შეიჭრა და მომიტინგეებსა და მოშიმშილეებს შეუბრალებლად დაუწყო ჩეხვა. უმწეო მსხვერპლთ ალესილ ნიჩბებსა და ხელკეტებს ურტყამდნენ შეძახილებით “სტალინისთვის!”. მიტინგი სულ რამდენიმე წუთში დაიშალა. მოედანზე მხოლოდ საშინლად დასახიჩრებული და ბარბაროსულად მოკლული ადამიანების გვამები დარჩა. 200-ზე მეტი კაცი გაზით მოიწამლა, მრავალი კი – დაიჭრა. როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ქიმიური იარაღიც იყო გამოყენებული. ექიმები დაზარალებულებს ვერ ეხმარებოდნენ, რადგან არ იცოდნენ ამ ქიმიური იარაღის შემადგენლობა. სამხედროებმა კი, რა თქმა უნდა, ეს საიდუმლო არ გაამხილეს.

წყარო: “ამბიონი” 

მსგავსი თემები