“პატრიარქი ყოველთვის გამოირჩეოდა სახელმწიფოებრივი ნაბიჯებითა და სიმტკიცით” – ნუკრი ქანთარია

„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ყოველთვის გამოირჩეოდა სახელმწიფოებრივი ნაბიჯებითა და სიმტკიცით”, – აცხადებს საპატრიარქოს და სინოდის სკანდალური სხდომის ირგვლივ განვითარებული პროცესების შეფასებისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია.

ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ არჩევნები მოახლოებულია, ამიტომაც ანტისახელმწიფოებრივი შიდა და გარე ძალები გააქტიურებული არიან. ის არ გამორიცხავს, რომ სხვა ინსტიტუტებშიც მოხდეს სკანდალური ამბები.

“კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ეკლესიის შიგნით არსებულ ვითარებას ძირეულად აღიქვამს. იმედი მაქვს, კიდევ დიდხანს იქნება მისი უწმინდესობა ჩვენი ეკლესიის სათავეში. პატრიარქი წარმოადგენს სიმბოლოს ჩვენი ეროვნული იდენტობის და გარკვეულწილად, სახელმწიფოებრიობის. ეკლესიის და პატრიარქის მიმართ ნასროლი ტალახი ისევ მის მსროლელს უბრუნდება და მომავალშიც დაუბრუნდებათ.

მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი საარჩევნო წელია და აქედან გამომდინარე უფრო მეტად არიან გააქტიურებული ანტისახელმწიფოებრივი შიდა და გარე ძალები. ვფიქრობ, უნდა ველოდოთ კიდევ სხვადასხვა ინსტიტუტებში შეთითხნილ  სკანდალურ ამბებს. საარჩევნო პერიოდში ეს პროცესი არ ჩაცხრება. დღეს იერიში უწმინდესზეა მიტანილი, შემდეგ ალბათ ეს პროცესი სხვადასხვა მიმართულებით გამოვლინდება და თან იქნება მცდელობები ხელისუფლებაზე გადაბრალების. ეკლესიაში ციხის შიგნიდან გატყდომის მცდელობაც ისევ იქნება, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში მოკალათებულ ნიღბოსანთა მხრიდან ნიღბების ჩამოხსნის. მათი მეშვეობით და კიდევ სხვათა შეთითხნილ სკანდალურ ამბებს უნდა ველოდოთ და ამისთვის საზოგადოება მზად უნდა იყოს. ზოგი მერე ბოდიშს მოიხდის, ზოგი – გაერიდება, ზოგს ალბათ, მწარედ მოხვდება ამის გამო. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, სიმართლეს საფრთხე არ ემუქრება, ისევე როგორც ეკლესიას. ამდენი საუკუნის მანძილზე ეკლესიამ იმდენ რამეს გაუძლო, ამასაც გადაიტანს. თუმცა, ყველანი უნდა ვიყოთ ფხიზლად და მსგავს შეთითხნილ, შეურაცხმყოფელ ბრალდებებს სათანადოდ მყარად დავხვდეთ.

რაც შეეხება პრობლემებს, რომელმაც საპატრიარქოში თავი მოიყარა, იმედი მაქვს, უწმინდესის და უნეტარესის სიბრძნით, აუცილებლად მშვიდობიანად მოგვარდება”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

მსგავსი თემები