„პანკისსა და დავით გარეჯს ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ, რაც სირცხვილია“ – შს მინისტრი

გიორგი გახარიამ, დეპუტატთა ერთი ნაწილი, პანკისსა და დავით გარეჯის თემის გამოყენებით, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებაში დაადანაშაულა და პარლამენტის სხდომა მოკლე დასკვნითი სიტყვით დატოვა.

„მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ დღეს ყველაზე საწყენი ფაქტი იყო და ძალიან შემაშინა, რომ, ხდებოდა საპარლამენტო დემოკრატიის და მისი შინაარსობრივი ნაწილის საპარლამენტო ზედამხედველობის დისკრედიტაცია. აბსოლუტურად დაგეგმილად და ერთხმად, ადამიანები, თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, იყენებენ ისეთ თემებს როგორიც არის პანკისი, დავით გარეჯი, როგორიც არის ცალკეული საქართველოს მოქალაქის პირადი ტრაგედია… ეს უბრალოდ არის სამარცხვინო“ – განაცხადა შს მინისტრმა დასკვნით სიტყვაში.

მისივე განცხადებით, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს ქვეყანა ჩვენი მისახედი და მოსავლელია.

„მინდა, თითოეულ პოლიციელს, თითოეულ მეხანძრე მაშველს, თითოეულ ადამიანს, რომელიც დღეს დგას საოკუპაციო ხაზთან და იცავს საქართველოს ინტერესებს, მოვუწოდო რომ ის სულისკვეთება, რომელიც მათ გააჩნიათ, უნდა გავაძლიეროთ. ეს ქვეყანა არის ჩვენი მისახედი და ჩვენი მოსავლელი. ის ადამიანები, რომლებმაც პოლიტიკას შინაარსი დაუკარგეს და პოლიტიკური ძირითადი პლატფორმა – პარლამენტი გადააქციეს ცირკად, სწორედ ამისთვის გამოჩნდნენ პარლამენტში. დღეს იყვნენ ზოგიერთი პარლამენტარები ხუთი წუთით მოსულები, რომ დასკნითი სიტყვა ეთქვათ, ეს არის სირცხვილი“ – განაცხადა „მინისტრის საათის“ ფარგლებში გიორგი გახარიამ პარლამენტის ტრიბუნიდან.

მსგავსი თემები