“პანკისის ხეობაში შეიძლება მეტი სპეცდანიშნულების რაზმი შემეყვანა” – ვახტანგ გომელაური

“პოლიცია უნდა შესულიყო პანკისის ხეობაში. მე შეიძლება სპეცდანიშნულების რაზმი მეტი შემეყვანა, ვიდრე იქ იყო”, – ამის შესახებ შს მინისტრის პოსტზე წარდგენილმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, ის სრულ პასუხისმგებლობას იღებს როგორც პანკისის ხეობაში, ასევე 20 ივნისს მომხდარ პროცესებზე.

“შეცდომა იყო ის, რომ მოსახლეობასთან უფრო მეტად უნდა გვემუშავა. სპეციფიკური ხეობაა. არ ვიტყვი, რომ ეს მარტო შსს-ს ან სუს-ის შეცდომა იყო. მთლიანად ხელისუფლების შეცდომა იყო. როცა შედის კომპანია, იწვევენ ექსკავატორს, ტექნიკას, ხელით ეხებიან მის თანამშრომლებს, რა თქმა უნდა, პოლიცია უნდა შესულიყო და დაეცვა. თავიდან სპეცდანიშნულების რაზმი არ შეუყვანიათ, შევიდა 30-35 კაცი და შემდეგ სიტუაცია რომ დაიძაბა, ანალოგიურად მეც იგივეს გავაკეთებდი – სპეცდანიშნულების დანაყოფს შევიყვანდი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მსგავსი თემები