„ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის იმედები გაამართლა – პრეზიდენტობის კანდიდატი გახარებულია

მმართველი გუნდის საპრეზიდენტო არჩევანზე მარჩიელობა დასრულდა. „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო კანდიდტად სალომე ზურაბიშილის მხარდაჭერა გადაწყვტა. აღნიშნული გადაწყვეტილებით გახარებული კანდიდატი კი ამბობს, რომ „ოცნებამ“ მისი იმედები გაამართლა. ახლა ჯერი ამომრჩევლებზეა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დღეს ამომრჩევლებს მიმართა და  სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ქართული ოცნება“ იცავს პირობას და საპრეზიდენტო არჩევნებში არ წარადგენს თავის კანდიდატს. შეგახსენებთ ამ გადაწყვეტილების მიზეზებს: საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც პოლიტიკური ძალაუფლება თავს იყრის პარლამენტსა და მთავრობაში, ხოლო პრეზიდენტი აღჭურვილია არსებითად წარმომადგენლობითი უფლებამოსილებებით. ამ სისტემაში, პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული და მიუკერძოებელი თანამდებობის პირი და ის არ უნდა წარმოადგენდეს არც მმართველი პარტიის და არც ოპოზიციის ინტერესებს, არამედ ის უნდა იყოს ხალხის ინტერესების ობიექტური დამცველი.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა დამკვიდრდეს პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქციონირების ახალი, ევროპული საპარლამენტო რესპუბლიკებისთვის დამახასიათებელი ტრადიცია, რასაც ჩვენს მიერ პარტიული კანდიდატის წამოყენება უდავოდ ხელს შეუშლიდა“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გუნდში არაერთი ღირსეული ლიდერი არსებობს,  რომელთაც  საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებლად გამარჯვება შეეძლოთ, თუმცა,  ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტის თანამდებობა დამოუკიდებელ კანდიდატს დაუთმეს.

„პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ს მიერ მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას. მას აქვს გამორჩეული დიპლომატიური გამოცდილება; საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოღვაწეობის პერიოდში, მის სახელს უკავშირდება საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა; რამდენიმეწლიანი ოპოზიციური მოღვაწეობის პერიოდში, ის თავგამოდებით იბრძონდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სამართლიანობის დასაცავად; ბოლოს, ის იყო საქართველოს პარლამენტის ღირსეული წევრი და ყოველთვის გამოხატავდა თავის პრინციპულ დამოკიდებულებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით…“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება თავად პრეზიდენტობის კანდიდატს, ის გახარებულია, რადგან მისი მოლოდინი გამართლდა.

„გამართლდა მოლოდინი. ძალიან გახარებული ვარ ამ საღამოს. მადლიერი ვარ ამ მხარდაჭერისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ცხადია დადებითი გადაწყვეტილებაა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მსგავსი თემები